საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულ ოცნებას“ თავისი მმართველობის მერვე წელს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, რაც სწორი წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი განმარტებით, მმართველ გუნდში არიან ლიდერები, ვისაც საზოგადოება ენდობა და მხარს უჭერს.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს და იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დღის წესრიგში სახელმწიფო უწყებების პიკეტირების და აქციების საკითხი დააბრუნეს, პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, პიკეტები და ქუჩის პოლიტიკა არ არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება.
„მესმის, რომ ოპოზიციას ჰყავს პიკეტოლოგიის არაერთი სპეციალისტი, თუმცა პიკეტები და ქუჩის პოლიტიკა არ არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება. ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, საუბარს და ოპონირებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით და დესტაბილიზაციით სცადოს რაიმეს შეცვლა ქვეყანაში. სტაბილურობა და უსაფრთხოება იქნება დაცული“, - აღნიშნავს თალაკვაძე.