საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების” ე.წ. პროგრამა მინიმუმი ყოველი მეორე ხმის მიღებაა.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიას არჩევნებზე 60 პროცენტიანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსი აქვს.
„საარჩევნო მუშაობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიული რეიტინგი კიდევ გავზარდოთ, თუმცა არსებული მოცემულობაც გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. 2016 წელს ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა და სულ მცირე, ეს შედეგი უნდა გავიმეოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. გუნდის განახლება მუდმივი პრიორიტეტია. 2016 წელს არსებითი განახლება გვქონდა, ოპოზიციისგან განსხვავებით, რაც არჩევნებში წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი არჩევნებზე განახლებული სახით წარდგება.
„ორიენტირებული ვიქნებით განახლებაზე და გუნდი არჩევნებშიც აუცილებლად განახლებული სახით წარდგება. პროგრამა მინიმუმია, ყოველი მეორე ხმა. რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.