პოლიტიკა
დროა ნატო-მ გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველოს წევრობა მიანიჭოს - ლუკ კოფი

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. „ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველოს წევრობა მიანიჭოს“, – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა თურქული ტელეკომპანია „ტეერტეს“ ვებპლატფორმაზე ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის წერილი.

ლუკ კოფი დავოსში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას იხსენებს, რომელმაც ნატო-ს წევრებს ალიანსის გაფართოებისკენ მოუწოდა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. როგორც ჩავუშოღლუმ იანვარში აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები არ თანხმდებიან საქართველოს ნატო-ში მიწვევაზე, რადგან არ სურთ რუსეთის პროვოცირება.

თურქეთი დიდი ხანია, საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებების მხარდამჭერი იყო, როდესაც ალიანსის ბევრი სხვა წევრი ყოყმანობდა ამ საკითხზე. ევროპაში ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც ნატო-სთან დაკავშირებით ისეთივე ენთუზიაზმი გააჩნია, როგორც საქართველოს, იმის მიუხედავად, რომ ის წევრი არაა. მართალია, ნატო-საქართველოს ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მჭიდრო, თუმცა თბილისი ვერ კვეთს სრული წევრობის ფინიშის ხაზს“, – აღნიშნავს ლუკ კოფი.

წერილის ავტორის თქმით, საქართველო ათ წელზე მეტია, ცდილობს ალიანსში გაერთიანებას. პირველად საქართველოს შესაძლო წევრობას 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაპირდნენ.

მას შემდეგ ნატო-ს ყოველ მომდევნო სამიტზე წევრობისადმი მხარდაჭერა დასტურდება. როგორც 2016 წლის დეკემბერში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, „საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი“. სწორედ ამიტომ, წევრობის მხრივ რეალური პროგრესის მიღწევის შეყოვნება ქართველების ასეთ იმედგაცრუებას იწვევს“, – მიიჩნევს ამერიკელი მკვლევარი.

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მართალი იყო, როდესაც განაცხადა, რომ „ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი მოკავშირე“. საქართველო არის მნიშვნელოვანი ალიანსისთვის რამდენიმე მთავარი მიზეზით. უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის გამოცდილი და საიმედო მოკავშირე. 2012 წელს, როდესაც ნატო-ს ბევრი ქვეყანა ავღანეთის გასასვლელი კარისკენ გარბოდა, საქართველომ იქ არსებულ მისიაში მონაწილეობისთვის დამატებით ასობით სამხედრო გაგზავნა. ავღანეთში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის პიკზე მას მსოფლიოს თუ არა, ქვეყნის ყველაზე საშიშ ადგილებში, ჰელმანდისა და ყანდაღარის პროვინციებში ორი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა განთავსებული. დღეს საქართველოს ავღანეთში დისლოცირებული ჰყავს თითქმის 900 სამხედრო, რითაც ის ნატო-ს საწვრთნელი მისიის უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორია. მეორე მხრივ, საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა მას ნატო-სთვის მნიშვნელოვანს ხდის. ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც ეს თურქეთზე უკეთ ესმის. სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ და კულტურულ გზაჯვარედინს და საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით“, – წერს კოფი.

ლუკ კოფის აზრით, ალიანსში საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით ნატო-ს წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი შემაშფოთებელი საკითხი რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციაა.

რუსეთი იყენებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაციას როგორც საუკეთესო გზას, რომ საქართველო ნატო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გარეთ შეინარჩუნოს. ეს არის მოსკოვის ხელში არსებული დე ფაქტო ვეტო და ეს მიუღებელია“, – აღნიშნავს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

„საბედნიეროდ, ზოგიერთმა მოიფიქრა რუსეთთან ომის გაჩაღების გარეშე საქართველოს ნატო-ში მიღების კრეატიული გზები. ერთადერთი კითხვა რჩება, აქვთ თუ არა ატლანტიკის ორივე მხარეს ლიდერებს პოლიტიკური ნება და კრეატიულობა, რომ საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი გახადონ“, – წერს ლუკ კოფი.

მისი თქმით, საქართველო ევროპაში ასევე წარმოადგენს იდეას, რომ ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს თავისი გზა, გადაწყვიტოს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები.

ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს პატივცემული და არც ერთ გარე მოთამაშეს (ამ შემთხვევაში, რუსეთს) არ უნდა ჰქონდეს უფლება, დაადოს ვეტო ნატო-ს მსგავს ორგანიზაციებში წევრობას ან მათთან ურთიერთობას“, – წერს ანალიტიკოსი.

რუსეთის ინტერვენციისა და მისი შედეგების შემდეგაც, საქართველომ არ თქვა უარი დასავლეთთან დაახლოებაზე. ამით საქართველო გახდა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. დროა, ალიანსმა წევრობის საკითხზე პროგრესს მიაღწიოს, გაითვალისწინოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს რჩევა და მიიღოს საქართველო ნატო-ში“, – წერს ლუკ კოფი.