თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებული ისრაელის ორი მოქალაქის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 30 მარტს გამოიტანს.
ორშაბათს სასამართლომ ორივე განსასჯელის – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის – საბოლოო სიტყვა მოისმინა. მათ კიდევ ერთხელ უარყვეს წაყენებული ბრალდებები და განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგებული მახის მსხვერპლი გახდნენ.ფუქსმა, რომელსაც საქართველოსთან მრავალმილიონიანი ხანგრძლივი დავა აქვს, სასამართლოს განუცხადა, რომ მას ქრთამი არავისთვის შეუთავაზებია და რომ მისი დაპატიმრებით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, უარი ათქმევინოს იმ 98.1 მილიონ აშშ დოლარზე, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.
ფუქსის თქმით, მის წინააღმდეგ განხორციელებულ გეგმაში მონაწილეობდნენ ქართველი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. განსასჯელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სასამართლომ არ მისცა დაცვის მხარეს პროცესზე პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვის საშუალება.
როდესაც ფუქსმა სასამართლოსთან მიმართებაში ფრაზა „ეგრეთ წოდებული“ გამოიყენა, მოსამართლემ მას სიტყვა გააწყვეტინა და სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა. ფუქსმა, რომელმაც პროცესის დროს დუმილის უფლებას იყენებდა და სასამართლოს ჩვენება არ მისცა, საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს რეპუტაციას ავნებს.