სამართალი
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობაში ბრალდებულ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ბრალდების მხარემ აღმკვეთ ღონისძიებად 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მანამდე კი, დაცვის მხარემ სასამართლოს შაუმდგომლობით მიმართა, რომ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახის გამოყენება მომხდარიყო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ლევან ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.