საზოგადოება
ვლადიმერ ვახანიას „მთლიანი საქართველო“ სამეგრელოს საზოგადოებრიობას შეხვდა

mtliani_saqartveloროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოდან გვატყობინებს, პოლიტიკური პატიმრის – ვლადიმერ ვახანიას პოლიტიკური პარტია „მთლიანი საქართველოს“ ხელმძღვანელობა ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შეხვდა. ენგურქაღალდკომბინატის დიდი დარბაზი ნახევრად სავსე (ოპტიმისტებისთვის) თუ ნახევრად ცარიელი (პესიმისტებისთვის) იყო, რაც ამ პარტიის ხელმძღვანელ ჯემალ შელიას განმარტებით, მათი არასათანადო ორგანიზების შედეგი იყო. „ამ შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობა და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებაა. ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანა საქართველოს გამთლიანებაა, რაშიც მთავარი როლი სამეგრელომ უნდა შეასრულოს. და სწორედ ესაა ვლადიმერ ვახანიას დაპატიმრების განმაპირობებელი. იგი პატიმარი კი არა, ამ ხელისუფლების ტყვეა, მაგრამ ის მალე დაუბრუნდება თავის კუთხეს. მან ყველა თქვენგანს სალამი გამოგიგზავნათ რუსთავის კოლონიიდან“, – აღნიშნა ჯემალ შელიამ.

ქალბატონმა ნანული ვახანიამ ძმის – ვლადიმერ ვახანიას წიგნის – „წერილები საპატიმროდან“ – პრეზენტაცია მოაწყო. „ჩემმა ძმამ ციხეში გაუსაძლის პირობებში, უფანჯრო საკანში 38 წერილი დაწერა და ეს წერილები გამოვიდა ერთ წიგნად, რომელიც თქვენ დაგირიგდებათ. ჩემი ძმა ამჟამად შედარებით უკეთ გრძნობს თავს და არ წყვეტს შემოქმედებით და პოლიტიკურ საქმიანობას, მუშაობს ახალ წიგნზე, რომელსაც სულ მალე შემოგთავაზებთ“, – განაცხადა ქალბატონმა ნანულიმ.

ამ შეხვედრაზე წაიკითხეს ვლადიმერ ვახანიას მიმართვა შეხვედრის მონაწილეებისადმი, დამსწრე საზოგადოების მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, სადაც ხაზგასმულია სამეგრელოს უმთავრესი მისია, რაც მას აკისრია საქართველოს გაერთიანების საქმეში.

უკანონოდ დაპატიმრებულ ვლადიმერ ვახანიას, რომელიც პატიმრობის პირობებში ახერხებს თავისი პარტიის საქმიანობის წარმართვას, თავისუფლებამდე წელიწად-ნახევარი დარჩა.