სამართალი
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული შვიდი პირიდან ოთხი ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრია

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული შვიდი პირიდან ოთხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის ოჯახის დაცვის ყოფილი წევრია.

საქმეზე დაკავებული იური მჟავანაძის მამის, ზაურ მჟავანაძის თქმით, მან მომხდარის შესახებ მედიით შეიტყო.

მე შუახევში ვიყავი, გავიგე ეს ამბავი და ჩამოვედი, სამართალდამცველებმა სახლში მომავალი აიყვანეს. მომხდარის შესახებ არაფერი არ ვიცი. იური მუშაობდა ასლან აბაშიძის დაცვაში, თუმცა მას შემდეგ არსად უმუშავია, სოფელში იყო სულ, არც თბილისში დადიოდა და მგონი არც დაკავებულებთან ჰქონდა ურთიერთობა“, – განაცხადა ზაურ მჟავანაძემ.

მეზობლები ამბობენ, რომ დაკავება სპეცოპერაციის შედეგად განხორციელდა.

თბილისში აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ექვსი და უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს. სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს ორი მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადებისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.