სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მოჰყვა იმ ტერაქტების შესახებ, რომლებიც საქართველოში იგეგემებოდა

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი საქართველოს პირველ არხთან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს და გამოძიების მიერ სპეცოპერაციამდე და მის შემდეგ ამოღებული მტკიცებულებების შესახებ საუბრობს.

სოსო გოგაშვილის განცხადებით, სპეცოპერაციის ფარგლებში განეიტრალებულ პირებს ტერორისტული აქტების მოსაწყობად სამი ძლიერი სამიზნე ჰქონდათ. მისივე განმარტებით, აღნიშნული პირების ძირითადი სამიზნე მასობრივი თავშეყრის ის ადგილები იყო, სადაც ამერიკელები იქნებოდნენ.

ამოღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გამოიკვეთა პირველ ეტაპზე საქართველოს ხუთი მოქალაქე, შემდეგ დაემატა ორი და სულ, მთლიანობაში რვა, თუ სწორად მახსოვს. მტკიცებულებები იყო ყველას მიმართ. ჩვენ ქრონოლოგიურად დავალაგეთ ეს მტკიცებულებები ჩატაევისა და ადაშევის შემოსვლის დღიდან, რომლებიც ლიკვიდირებულები არიან. მოვიპოვეთ მტკიცებულება ბორზიევზე და კიდევ ერთ ადამიანზე. ბორზიევი სასჯელს იხდის, მეორე კი ლიკვიდირებულია. ამათთან კონტაქტში მყოფი ქართველები, რომლებიც იყვნენ ჩართულები ფულადი გადარიცხვებით ხელშეწყობაში, რამდენიმე მათგანზე იყო გახსნილი ანგარიში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც ირიცხებოდა საქართველოში სხვადასხვა ანგარიშზე, იყო გადაადგილების მარშრუტები, იყო სატელეფონო ანძებით და კამერებით. შემდეგ ამოვიღეთ ვიდეომტკიცებულებები, როგორ გადაადგილდებოდნენ ერთად“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება ასევე ამოიღო სატელეფონო ზარები.

საზღვრის იქითა მხრიდან, ე.წ. მწვანე საზღვარი, რომელიც არ არის დაცული ე.წ მავთულხლართებით, იქ მოძრაობს განაწესი და არის შუალედი ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მოძრაობს განაწესი. ეს კარგად იცოდნენ და თურქეთის მხრიდან რომ მოვიდნენ, ჩატაევმა, ჩვენი ინფორმაციით, პირველი ზარი განახორციელა თემირლან მაჩალიკაშვილთან, რომელსაც დაუკავშირდა ტელეფონით და შემდეგ თემირლანის ტელეფონით მოხდა ზარის განხორციელება მალხაზ მაჩალიკაშვილთან. გარდა ამისა, იყო იქ ინტერნეტის გაფორმებული პაკეტები მასზე, სადაც პაროლიც მისი სახელობით იყო. ასევე, იყო ნაქირავები სახლები ჯერ ერთი და მერე მეორე, მომარაგება საკვებით და სხვადასხვა ნივთით, შემდეგ კახეთში ჩაყვანა ჩეჩნების და იქიდან იარაღის ჩამოტანა. ამ ყველაფერში ხდებოდა ხელშეწყობა“, – აღნიშნა სოსო გოგაშვილმა.

მისივე თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამოძიებას არ აღმოუჩენია მხოლოდ ლეპტოპი. გოგაშვილის განმარტებით, ადგილზე იყო ინფორმაციის ბევრი მატარებელი – მათ შორის, ფლეშმეხსიერების ბარათები (ე.წ. ფლეშკები), აიპადი და მობილური ტელეფონები.

როდესაც დასრულდა სპეცოპერაცია და მოხდა დამნაშავეების ლიკვიდაცია, ჩვენ კოლეგებთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ ადგილის შესწავლა და ამოღება მასალის, რაც ადგილზე იყო და შემდეგ იქიდან მოხდა სწორედ ამ ინფორმაციების ამოღება. საუბარია ტელეფონების ნომრებზე, მიწერ-მოწერებზე, შეტყობინებებზე. ასევე, იქ იყო აუდიო-ვიდეო, ფოტო მტკიცებულებები. ერთი თვის განმავლობაში მოვამზადეთ ყველაფერი. ჩართულნი იყვნენ ჩვენი კოლეგები, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) საგამოძიებო ჯგუფი. მოვიპოვეთ მტკიცებულებები აბუ ჯიჰადსა და ახმედ ჩატაევს შორის, როდესაც იქ მიდის საუბარი, რომ ტერორისტული აქტი უნდა განხორციელდეს ხალხმრავალ ადგილას და განახორციელეონ თურქეთში თუ საქართველოში და ჩატაევი სთავაზობს, რომ ხელსაყრელია ამერიკა (მოქალაქეებზეა აქ საუბარი), რადგან იმ დროს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აქ იქნებოდნენ რაოდენობრივად ბევრი ამერიკელები და ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა საქართველო-ამერიკის რაგბის ნაკრებების ამხანაგური მატჩი, იყო ასევე ბავშვების ევროვიზია და აბრეშუმის გზის სამიტი. ჰქონდათ სამი უძლიერესი სამიზნე შერჩეული, სადაც მსხვერპლი იქნებოდა ძალიან დიდი. ტერორისტული აქტი სავარაუდოდ იქნებოდა იმ ტყვია-წამლიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ამოვიღეთ, იმ აღჭურვილობით და იმ რაოდენობის ვაზნებით, რაც იყო ამოღებული. სავარაუდოდ ეს იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მასობრივი მკვლელობები, მასობრივი თავშეყრის ადგილებში და რა თქმა უნდა, ბოლოს იქნებოდა სავარაუდოდ შაჰიდის ქამრის ამოქმედება. საბედნიეროდ არ განხორციელდა და ადგილზე მოხდა ლიკვიდაცია და აღიკვეთა ტერორისტული აქტები. სამიზნე იყვნენ ამერიკელები, საუბრიდან რაც ირკვევა. ევროპელი კოლეგებისგანაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს ტერორისტული აქტი უნდა ყოფილიყო იმ მასშტაბის, რომელიც არამხოლოდ საქართველოს შეარყევდა, არამედ ევროპას და მსოფლიოსაც. წარმოიდგინეთ, ეს რას მოუტანდა საქართველოს და რამხელა დარტყმა იქნებოდა არა იმ მხრივ, რომ აქ შეიძლება, გაენადგურებინათ ჩვენი მოქალაქეები და ასევე ტურისტები“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.