საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთში სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო სწრაფად ვრცელდება ვირუსთან დაკავშირებული ჭორები. „ალტერნატიული თეორიები“ ამბობენ, რომ ვირუსის განკურნება შესაძლებელია მარილის ხსნარით ან სპეციალური ჩაის დალევით, რომ ვირუსი ბანანებით და „ალიექსპრესის“ ამანათებით ვრცელდება.
„ბიბისიმ“ კორონავირუსზე გავრცელებული ყველაზე პოპულარული ჭორებს მოუყარა თავი.
1. ვირუსი ბანანით ვრცელდება
რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და უკრაინის სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ კორონავირუსით ინფიცირება ბანანით ან სხვა ხილით ხდება.
„სინხუას პროვინციაში, საავადმყოფოში 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები. ყველაზე უფროსი 35 წლის იყო, ხოლო უმცროსი ერთი წლის. მთავარი ტელეარხების ახალ ამბებში გამოაცხადეს, დროებით უარი თქვან ბანანის მიღებაზე, განსაკუთრებით იმ ხილზე, რომელიც ქვეყნის სამხრეთიდან ჩამოაქვთ“, – წერენ სოციალურ ქსელებში.
აღნიშნული ტექსტის ზოგიერთ ვარიანტში ნათქვამია, რომ ინფორმაციას სინხუას საავადმყოფოს ჩუნმინის ფილიალი ავრცელებს. ასეთი კლინიკა ნამდვილად არსებობს და უხანში მდებარეობს. თუმცა, კორონავირუსს ბანანთან ან სხვა ხილთან არც ერთი ჩინელი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი არ აკავშირებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსი ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ დიდხანს ვერ ცოცხლობს.
2. „ალიექსპრესის“ ამანათები
სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი შეცდომით ამტკიცებს, რომ ვირუსი ჩინეთიდან გაგზავნილი ამანათებით ვრცელდება.
ამ ჭორის გავრცელების შემდეგ, კომპანია „ალიექსპრესი“ იძულებული გახდა, გაევრცელებინა განცხადება, რომ მისი ამანათები გაგზავნამდე სანიტარულ შემოწმებას გადის.
„ალიექსპრესის“ ამანათებისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთი მემე და ხუმრობა გავრცელდა.
უკრაინაში გავრცელდა ცნობები, რომ მთავრობა ჩინეთიდან ამანათების მიღების შეზღუდვას გეგმავს, რაც ასევე არასწორია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ამანათებიდან ვირუსით ინფიცირება შეუძლებელია, რადგან ამანათის ადრესატამდე ტრანსპორტირებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
3. ალკოჰოლი
სოციალური ქსელების მომხმარებლები ასევე წერენ, რომ კორონავირუსისგან დასაცავად აუცილებელია 250 გრამი არყისა ან კონიაკის დალევა.
ეს ხუმრობით დაწერილი ინფორმაცია ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა სერიოზულად მიიჩნია.
მეტიც, როგორც „ბიბისი“ იუწყება, თავად ქალაქ უხანში მოსახლეობის ნაწილი, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებენ, რათა ვირუსისგან თავი დაიცვან.
ექსპერტები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ალკოჰოლი ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც ვირუსთან ბრძოლას ართულებს. ალკოჰოლის გამოყენება რეკომენდებულია ხელების ან პროდუქტების დეზინფექციისთვის. მათივე თქმით, ერთადერთი საშუალება, რომლითაც ინფიცირების რისკის შემცირებაა შესაძლებელი, არის ჰიგიენის დაცვა.
ამერიკელი ინტერნეტმომხმარებლები ასევე წერდნენ, რომ კორონავირუსს მარიხუანას მოხმარებით ამარცხებენ. თუმცა, ექსპერტებმა ეს ვერსიაც გამორიცხეს.
4. მარილის ხსნარი
ჩინეთის სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობა, რომ კორონავირუსთან გამკლავება ყელში მარილხსნარის გამოვლებით არის შესაძლებელი. ამ ვერსიის ავტორად მიიჩნევენ ცნობილ ჩინელ პულმონოლოგს, რომელიც გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობს. ეს ჭორი მის მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან გაკეთებული კომენტარით დაიწყო, რომელშიც ის საუბრობდა ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე და იქვე აღნიშნა, რომ მარილხსნარის გამოყენება შეიძლება, იყოს თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება.
სოციალურ ქსელებში ეს კომენტარი „ალტერნატიულ თეორიად“ გადაიქცა.
სინამდვილეში, ვირუსის გადაცემა ხდება არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ თვალის ლორწოვანი გარსით. ამიტომ ექიმები ურჩევენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება ხშირად დაიბანონ ხელი.
არცერთი ავტორიტეტული წყარო არ ადასტურებს, რომ მარილის ხსნარი კორონავირუსს კურნავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ფრანს პრესთან“ საუბარში დაადასტურა, რომ ეს ფეიკნიუსია.
5. ყველაფერი ღამურით დაიწყო
ევროპის სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდებოდა ვერსია, რომ კორონავირუსი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ახალგაზრდა ჩინელმა ქალმა ღამურის წვნიანი მიირთვა.
როგორც წესი, ამ ვერსიას თან ახლავს ვიდეოჩანაწერი, სადაც გოგონა წვნიანის თეფშიდან იღებს რაღაცას, რაც ჰგავს ღამურას.
სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელებში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. თავად ამ ვერსიას ბევრი ქსენოფობიად და ადამიანების შიშით მანიპულაციას უწოდებს.
რაც შეეხება ვირუსის კავშირს ველურ ცხოველებთან, ის ნამდვილად არსებობს. მთავრობის ინფორმაციით, ვირუსი გაჩნდა ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე, სადაც ველურ ცხოველებს ყიდიდნენ, ასევე ამზადებდნენ და იქვე მიირთმევდნენ. ასეთი ბაზრობები მთელ ჩინეთშია გავრცელებული და ეპიდემიოლოგების დასკვნით, მართლაც სახიფათოა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კორონავირუსის გავრცელებას რამდენიმე წლის წინ ვარაუდობდნენ კიდეც.
რაც შეეხება ვიდეოს, ის არ არის დაკავშირებული კორონავირუსთან. ის უხანში არ არის გადაღებული. მეტიც, ამ ქალაქში ღამურები დელიკატესად არ ითვლება.
ეს ვიდეო პალაუს რესპუბლიკაშია გადაღებული. ამავე დროს ღამურებს საკვებად იყენებენ ლაოსში და აფრიკულ რესპუბლიკა სან ტომეში. ამას გარდა, ღამურებს ადრე საკვებად იყენებდნენ იტალიაშიც.