სამართალი
გახარია რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე: საქართველოს კანონმდებლობას ვერავინ აუვლის გვერდს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც საქართველოში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს ეხებოდა.

საქართველოს კანონმდებლობას ვერავინ აუვლის გვერდს, ეს ერთი, და მეორე, საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახლავთ და, სამწუხაროდ, ესეც ფაქტია, რომ ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრის სტატუსი. ახლა უკან დავბრუნდეთ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავინ, ვინც ეს არ უნდა განაცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის, მოვა ის დროც და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება“, - თქვა გახარიამ.

შეკითხვაზე, მთავრობა ეძებს თუ არა შუალედურ ვარიანტს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის, პრემიერმა მიუგო:

მე არაფერს ვეძებ. ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიქცევით და თუ ეს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და რაღაც სხვა გამოსავალს ვპოულობთ“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატ კალაშნიკოვის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მაისში, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, საქართველო არ აპირებს აამოქმედოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან არ არიან შესული.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ დავიცვათ საერთაშორისო ვალდებულებები... ჩვენ ვხელმძღვანელობთ საპარლამენტო ასამბლეის წესებითა და ამ ორგანიზაციის პრინციპებით. ეს არ არის ადვილი, ეს არ არის იოლად მისაღები მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო: რადიო თავისუფლება