პოლიტიკა
საქართველოს ტერიტორიული დანაკარგები აზერბაიჯანთან

georgian_azerbaijanკახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა აზერბაიჯანთან 293 ჰექტარი შეადგინა“, რომელშიც ავტორი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნას იყენებს.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ გაკეთებული დასკვნის მიხედვით, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან 42 შემთხვევაში ფაქტობრივი საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 შემთხვევაში – აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.

აზერბაიჯანის მხარეზე ეს მონაცემი 224 ჰექტარს არ აღემატება. ამასთან, ადგილზე მდინარის სწორი უბნების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფუძვლიანი საველე კვლევების ჩატარების შემდეგ ეს სხვაობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 17 წელია, მუშაობს, თუმცა ორ ქვეყანას შორის საზღვარი დადგენილი არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, სადავო ტერიტორიებად რჩება დავითგარეჯა და სოფელი ერისიმედი.