საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა. მისივე თქმით, უფრო მაღალ დონეზე იქნება დამატებითი შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადაიდება თუ არა შემდეგი რეისები.
როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეებს აძლევენ რეკომენდაციებს, რათა თავი შეიკავონ აზიის მიმართულებით მგზავრობისგან.
„ჩვენ, ამ ეტაპზე, მხოლოდ რეკომენდაცია შეგვიძლია, მივცეთ მოქალაქეებს და დანარჩენი არის მათი პირადი პასუხისმგებლობა, გაითვალისწინებენ თუ არა ამ რეკომენდაციებს და შეიკავებენ თუ არა აზიის მიმართულებით გადაადგილებისგან თავს.
ჩვენ გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნილი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლის ქვეშ და გვაქვს ინფორმაცია ყველა ავიახაზისგან, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ფრენას და შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება გატარებულია“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ექიმები აეროპორტში მუშაობაზე უარს ამბობენ, რადგან მათ სათანადო აღჭურვილობა არ აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან უარი, სასაზღვრო ზონებზე საჭირო სამუშაოების გასაწევად. ჩვენ, ექიმებს, ყველას გვაქვს დადებული ფიცი და ყოველთვის საკუთარი რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არ ყოფილა მოწოდებული განსაკუთრებული მითითებები იმის შესახებ, რომ მკაცრი რეგულაციები დაგვეწესებინა აეროპორტებში, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და საჭიროების შემთხვევაში გვექნება რეაგირება“,- განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე მთავრობისთვის რაიმე რეკომენდაცია, ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, არ გაუციათ.