სამართალი
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების პროცესს იწყებს

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება 27 იანვრიდან დაიწყო.

22 იანვარს გამართულ სხდომაზე, საპროკურორო საბჭომ განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს. გასაუბრების პროცესი "ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

მათივე ინფორმაციით, გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.