საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. 2019 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი მიანიჭეს 195 ადამიანს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
უწყების მონაცემებით, 195 ადამიანიდან იპოვეს 133, აქედან ათი მათგანი გარდაცვლილი იყო.
ნაპოვნი ადამიანებიდან ოთხი იყო ბელგიის მოქალაქე, ორი - საუდის არაბეთის, ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის და იორდანიის თითო მოქალაქე. ყველა მათგანი ცოცხალია.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის პოლიციამ ვერ იპოვა 16 წლამდე ასაკის შვიდი ბავშვი.
შსს-ს მონაცემებით, სულ 1973 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 6000 ადამიანი, ნაპოვნია დაახლოებით 5000.
ამასთან, გასულ წელს პოლიციამ 2019 წლის 1 იანვრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთაგან 69 ადამიანი იპოვა.
დღეისათვის საქართველოში ათასი ადამიანი იძებნება: 208 ქალი და 792 მამაკაცი, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიკარგნენ. აღსანიშნავია, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ყოველი მესამე დედაქალაქში ცხოვრობდა.