საზოგადოება
მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ვიზიტორების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

გასულ წელს აჭარის ოჯახური ტიპის სასტუმროებს, ასევე კვების ობიექტებსა და ტურისტულ ადგილებს 238,6 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია.

ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე, რაც 2018 წელთან შედარებით 137%-ით მეტია. შემდეგ მოდის ქედა (+57%) , ხელვაჩაური (+94%), ხულო (+61%) და შუახევი (+30%).

სასიხარულოა, რომ მოგზაურთა რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში გაიზარდა როგორც ტურისტულ მარშრუტებზე, ისე ოჯახური ტიპის სასტუმროებში, კვების ობიექტებში, მუზეუმებში, ღვინის მარნებში და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებში. ეს დამატებით მოტივაციას აძლევს სოფლად ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს განავითარონ არსებული სერვისები და ტურისტული ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში 15 მარკირებული მარშრუტი მოქმედებს. დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს და რეგიონის სტუმრებს სულ უფრო მეტი ახალი ტურისტული პროდუქტი შესთავაზოს.

სწორედ რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარება მოგვცემს საშუალებას აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი გავხადოთ“, - განაცხადა ზოიძემ.

აჭარაში ტურისტებს შეუძლიათ არამარტო ულამაზესი პეიზაჟებით დატკბნენ, არამედ ისწავლონ სხვადასხვა ქართული კერძის მომზადება ოჯახური ტიპის სასტუმროების დიასახლისებისგან, გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს და დასვენება დაუვიწყარი გახადონ.