საზოგადოება
კორუფციის აღქმის ინდექსი 2019: საქართველო, ოდნავ გაუარესებული მაჩვენებლით, კვლავ რეგიონის ლიდერია

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ /Transparency International აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც საჯარო სექტორში კორუფციის აღქმას აფასებს მსოფლიოს 180 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე.

ორგანიზაციის ზოგადი შეფასების თანახმად, 2019 წლის სურათით, ქვეყანათა ორ მესამედზე მეტი, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკების მქონე სახელმწიფოები ან უკან იხევენ, ან უძრაობის ნიშნებს აჩვენებენ თავ-თავიანთ ანტიკორუფციულ ძალისხმევაში.

ანგარიშში გამოყენებულია შკალა ერთიდან ასამდე, რომელზეც ნული ნიშნავს ძალიან კორუმპირებულს, 100 - კორუფციისგან სუფთას. სიის პირველ ადგილზე, საუკეთესო მაჩვენებლით, დანიაა, უკანასკნელზე, ყველაზე ცუდი მონაცემით, - სომალი.

რაც შეეხება საქართველოს, ისევე, როგორც წინა წლებში, ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, თუმცა შარშანდელთან შედარებით ორი ქულით აქვს გაუარესებული მონაცემი. საქართველოს წლევანდელ სიაში 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა, 2018 წელს კი მისი მონაცემი 58 ქულა იყო და ის სიაში 41-ე ადგილს იკავებდა.

TI აღნიშნავს, რომ ამ რეგიონში მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს საშუალოზე მაღალი მონაცემი - საქართველოს - 56 ქულა, ბელარუსს - 45 და მონტენეგროს - 45. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რეგიონში აქვთ თურქმენეთს (19 ქულა), უზბეკეთსა (25 ქულა) და ტაჯიკეთს (25 ქულა). TI აღნიშნავს, რომ ამ რეგიონის ქვეყნებში სათანადოდ არ მუშაობს ძალაუფლების დანაწილების პრინციპი, სახელმწიფო რესურსები ბოროტად გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბუნდოვანია და არის ინტერესთა კონფლიქტის პრაქტიკა.

ამ რეგიონში ორგანიზაცია საყურადღებო სახელმწიფოდ გამოყოფს სომხეთს - მისი მონაცემი 42 ქულაა. მან შარშანდლიდან შვიდი ქულით გაიუმჯობესა მაჩვენებელი. „2018 წლის რევოლუციისა და ახალი პარლამენტის ფორმირების შემდეგ, ქვეყანამ აჩვენა დამაიმედებელი განვითარება ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით“, წერს TI, თუმცა იქვე დასძენს, რომ სომხეთში პრობლემად რჩება ინტერესთა კონფლიქტი და გაუმჭვირვალე, არაანგარიშვალდებული მოქმედებები საჯარო სფეროში.

წყარო: რადიო თავისუფლება