სამართალი
აშშ-თან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა ერთადერთი გზაა, რომ გადარჩეს საქართველო, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული - გახარია

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით, აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსში განაცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან, ბიზნესლიდერებთან, მათ შორის „ვოლვო ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები ოკუპაციის გამო აწყდებიან.

ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ერთადერთი გზაა, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.