საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანის მოადგილესთან ორმხრივ შეხვედრაზე, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი განიხილეს.
„ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რა თქმა უნდა ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი. ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ის დღისწერიგი, რომელიც ჩვენ 2020-ში გვაქვს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.