საზოგადოება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში ინოვაციების ცენტრს ესტუმრა

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია “სიონის მეგობრები”, რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის “სიონის მეგობართა ორგანიზაციის” უმაღლეს ჯილდოს გადასცემს.

ორგანიზაციის ჯილდოები, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ს პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას პირადად სალომე ზურაბიშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

ისრაელში ვიზიტი შიმონ პერესის სახელობის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრიდან დაიწყო. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა, ისრაელის გამოცდილების გაზიარება და დანერგვა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ფეისბუქ-პოსტში.

ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება. 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა.