სამართალი
სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს – ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ანთაძე.

სუს-ის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლზე. ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა.​ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.