სამართალი
ნაციონალთა ქეიფი მსხვერპლით დასრულდა

avarai_axmeta27 მარტს, საღამოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტაში. თვითმხილველთა თქმით, ახმეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მაილაშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ოფისში იქეიფეს. ქეიფის დასრულების შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შპს „ახმეტის გამწვანების“ დირექტორი გია ტიბუნაშვილი ავტომანქანით გზაზე ბორდიურს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი 28 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ტიბუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თანამესუფრეებმა განუცხადეს, ტიბუნაშვილი შპს „ახმეტის გამწვანების“ უფროსად დანიშვნას აღნიშნავდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ოფისში ქეიფის ფაქტს უარყოფს. „მე იქ არ ვყოფილვარ და არც ოფისში უქეიფიათ. მაღაზიაში კი აუღიათ დასალევი და პროდუქტები, მაგრამ სად დალიეს, არ ვიცი. მე გუშინ თბილისში ვიყავი“, – აღნიშნავს გამგებელი. მოძრაობის ოფისში ქეიფს არ ადასტურებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მაილაშვილიც.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს ახმეტის რაიონული სამმართველო აწარმოებს.