სამართალი
ებრაელი ბიზნესმენების საქმის განხილვა დღეს დასრულდება

ebraeliსაქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის – ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმის განხილვა დღეს დასრულდება. მისი თქმით, დღესვე გახდება ცნობილი, როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს. ადვოკატის ინფორმაციით, გასულ კვირას საქართველოს ებრაული დელეგაციაც სტუმრობდა, თუმცა მის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ კბილაშვილისთვის უცნობია. „არ ვიცი, ვისთან გაიმართა შეხვედრები. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ შეხვედრებს შედეგი არ მოჰყოლია. მათ თბილისი 25 მარტს დატოვეს“, – აღნიშნა კბილაშვილმა. ებრაელი ბიზნესმენების საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი განიხილავს. რონი ფუქსი და ზეევ ფრენკიელი 2010 წლის ოქტომბერში ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ებრაელი ბიზნესმენების დაკავებამ მკვეთრად გააფუჭა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა. ამ მიზეზით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიას ისრაელმა ვიზიტზე უარი განუცხადა.