საზოგადოება
სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს - ასლან ბჟანია

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული“.

ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში - თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა.

ამიტომ ვამბობ, - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა.

თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ესაა ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება. ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს.

რაც შეეხება ახლო პერსპექტივას, ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში”, - განაცხადა ბჟანიამ "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.