აქტუალური
ტურიზმი ვერ აგვაყვავებს

turizmiდღეს ტურიზმის ეროვნული სააგენტო უკრაინაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციას გამართავს. ოდესაში წამყვანი უკრაინული ტუროპერატორები ინფორმაციას მიიღებენ საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ.

ასევე, დაგეგმილია ტურისტულ ბიზნესში მოქმედი ქართულ-უკრაინული კომპანიების შეხვედრა. ქართული მხარე ამ ვიზიტისგან კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის, ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელებას ელოდება.

ეს პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილია. სააგენტოს ხელმძღვანელ მაია სიდამონიძის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიდის სარეკლამო რგოლებზე, რომლებიც ქვეყანას ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება. სარეკლამო რგოლები ქართულ ტელესივრცეშიც იტრიალებს. იგეგმება გარერეკლამებისა და სარეკლამო ბანერების განთავსებაც მეზობელი ქვეყნების წამყვან ვებგვერდებზე.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ტურიზმის სექტორი დაეხმარა.

დღეს საქართველოში ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულია და მთავრობის პროგნოზით, მალე ერთ ქართველზე ორი ტურისტი მოვა. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ტურიზმი ქვეყანას ვერ ააყვავებს.

„ტურიზმი ვერასოდეს ააყვავებს საქართველოს, თუნდაც მილიონობით ტურისტი მოაწყდეს. დიდი დრო არის საჭირო ტურიზმში ჩადებული ინვესტიციების დასაფარავად და მოგების მისაღებად. ამისათვის ამ დარგის სპეციალისტები დაახლოებით ორმოცდაათ წელს ასახელებენ.

ქვეყანაში ტურიზმის დომინანტობისას აუცილებელია ინფლაციის ძალიან დაბალი დონე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ამ სფერომ მოიტანოს მოგება და შვებად იქცეს მოსახლეობისთვის. ტურიზმი ისე ვერ ააყვავებს საქართველოს, როგორც მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება“, – განაცხადა ექსპერტმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ საქინფორმთან საუბრისას.