საზოგადოება
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე - ელიზაბეთ რუდი

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ადგილობრივ მოსახლეობას ვუსურვებ, გადალახონ ის გამოწვევები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ცხოვრებას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ქვეშში ახლად გარემონტებული სკოლის საზეიმოდ გახსნისას განაცხადა.

ასევე, რუდმა კვლავ მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.