საზოგადოება
მზადება გამოსაშვები გამოცდებისათვის

testirebis-procesiგამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2-დან 9 აპრილამდე გამოსაშვები გამოცდების მასშტაბური პრეტესტის ჩატარება იგეგმება.

ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში, რომლის მიზანია გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა. პრეტესტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელთა მსგავსს გამოცდაზე მიიღებენ.

სისტემა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.

მოსწავლე შესაბამის ველში უთითებს  პირადობის მოწმობის 11-ციფრიან პირად ნომერს, რის შემდეგაც ხედავს საგნების ჩამონათვალს. შესაბამისი საგნის მონიშვნის შემდეგ პრეტესტის მონაწილე იწყებს ტესტური დავალებების მიღებას.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის, რომ,  განსხვავებით საგამოცდო პროცესისგან, საცდელი რეჟიმისას მოხსნილი იქნება ე.წ. გაჩერების წესი, რათა  მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცეთ, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ.

მონაწილე ეკრანზე დაინახავს, სწორად უპასუხა თუ არა დავალებას, მაგრამ პასუხი არც შეფასდება და შეცდომის შემთხვევაში არც სწორი პასუხი გამოჩნდება.

საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მოსწავლეებს 9 აპრილის 19:00 საათამდე ექნებათ.