პოლიტიკა
ჟენევის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ და გავააქტიუროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეფექტური დიპლომატიური ქმედებებია საჭირო.

ტერიტორიები, რომლებიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლისა და ბერკეტის ქვეშ არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა – დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების დაწყება.

არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. სუს-ის ცნობით, აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე.