რედაქტორისგან
„თუ აშშ ჩერჩილის შეცდომას გაიმეორებს, შესაძლოა, ისრაელის სახელმწიფოს ევაკუაციის საკითხი დადგეს!“ – ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორთან – არნო ხიდირბეგიშვილთან

arnoxid1– ბატონო არნო! მაროკო, ტუნისი, ეგვიპტე, იემენი, იორდანია, ბაჰრეინი, ალჟირი, ლიბია – საპროტესტო აქციები, მიტინგები, სახალხო აჯანყებანი, რევოლუციები, სამოქალაქო ომები, სამხედრო გადატრიალებები; თქვენი აზრით, რატომაა, რომ ბოლოხანს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის არაბული ქვეყნები, „ფუკუსიმას“ ატომური ელექტროსადგურის რეაქტორივით, ერთი მეორის მიყოლებით „ფეთქდებიან“?

„აღმოსავლეთი ალმოდებულია“ – ასე ეწოდებოდა ცნობილ ჩინურ სიმღერას, რომელიც ჩინეთის კომპარტიას, პირადად მაო ძედუნს ხოტბას ასხამდა და კულტურული რევოლუციის დროს, ფაქტობრივად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიმნი იყო. დღეს აღმოსავლეთი ალმოდებულია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და მიუხედავად იმისა, რომ სოციალური კატაკლიზმები ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში მასშტაბითაც და წარმოშობითაც განსხვავებულია, ყველა მათგანი პროვოცირებული იყო აშშ-ის მიერ ისლამური სამყაროს სახელმწიფოების ახალ არაბულ ხალიფატად გადაქცევისა და ჩინეთის მზარდი ძლიერების გასანეიტრალებლად მასთან დაპირისპირებით მიზნით.

თუმცაღა, „ამქვეყნად ხდება ის, რაც უწინაც ხდებოდა“, – თქვა მერაბ მამარდაშვილმა: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მთელი მაშინდელი ინგლისის ისტებლიშმენტიც „თვალს ხუჭავდნენ“ ფაშისტური გერმანიის მზარდ ძლიერებაზე და სსრ კავშირთან მისი წაკიდებით, სადაც სასიკვდილო ბრძოლაში ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს დახოცავდნენ, სხვისი ხელით გამარჯვებაზე ოცნებობდნენ. თუმცა, ამავე დროს, „თეთრ პერანგში“ განზე დგომა დიდ ბრიტანეთს, როგორც ცნობილია, არ გამოუვიდა ისე, როგორც ეს დღეს არ გამოუვა აშშ-ს.

– ეს მიმდინარე მოვლენების აბსოლუტურად ახალი, არსებულთაგან სრულებით განსხვავებული შეფასებაა! აქ იბადება რიგი კითხვებისა: ნუთუ ვაშინგტონის წინამორბედი ადმინისტრაციის მიერ გაჩაღებულ სამხედრო კამპანიებში „ყურებამდე ჩაფლულმა“ შტატებმა დღეს შეგნებულად მოახდინა პროვოცირება და ახალ, არანაკლებ მასშტაბურ კამპანიებში ჩაერთო?! ნუთუ პრაგმატიკოსმა, გაპრეზიდენტების „მეორე დღეს“ მშვიდობისათვის ნობელის პრემიით დაჯილდოებულმა ბარაკ ობამამ, უკვე წელს, ივლისში, ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას რომ იწყებს, ასეთი მცდარი ნაბიჯი გადადგა? როგორ აპირებს სიტუაციის გაკონტროლებას „ალმოდებულ“ აღმოსავლეთში? და თქვენ, ბატონო არნო, რატომ ახსენებთ მხოლოდ აშშ-ს, კოალიციის ქვეყნებს შორის ხომ საფრანგეთი, ინგლისი და სხვა რიგი ქვეყნებიცაა?

– ზოგჯერ ტყის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ სხვა ხანძრით შეიძლება: ტყეს გარშემო განგებ უკიდებენ ცეცხლს და ერთმანეთს შეჯახებული ცეცხლის ორი კედელი ერთმანეთს აქრობს. სწორედ იმიტომ, რომ აშშ-მა დიდი ხანია, ინიციატივა დაკარგა ერაყსა და ავღანეთში, გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონს! თუმცა, ახლა, მწარე გამოცდილებით, აშშ, სავარაუდოდ, ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციას და შეეცდება, სიტუაცია მხოლოდ სხვისი – „ძმები-მუსლიმანებისა“ და თავისი ახალი ხელდასხმულების ხელით გააკონტროლოს, რომლებითაც ზემოჩამოთვლილი „მეამბოხე“ ქვეყნების წინამორბედ ლიდერებს შეცვლის.

– ეგვიპტის პრეზიდენტად, ალბათ, ეგვიპტის მოძრაობის – „ნაციონალური ასოციაცია – ცვლილებებისათვის“ – ლიდერ მუჰამედ ალ-ბარადეის აირჩევენ?

– პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება, ვის აირჩევენ: „ძმები მუსლიმანების“ საერთო კონტროლქვეშ (დიდი ზეგავლენის მქონე საერთაშორისო რელიგიურ-პოლიტიკური ასოციაცია, რომლის ლოზუნგიცაა: „ალაჰი ჩვენი მიზანია“, „მოციქული – ჩვენი იდეალი“, ყურანი – ჩვენი კონსტიტუცია, ჯიჰადი – ჩვენი გზა, ალაჰისთვის სიკვდილი – ჩვენი უმაღლესი მისწრაფება!“) ისინი თავიანთ მუსლიმანურ ქვეყნებს არაბთა ხალიფატში გააერთიანებენ, რომელიც პირველ ხანებში შემაკავებელი ფაქტორი გახდება ევროპისა და БРИК-თვის, კერძოდ – კავკასიაში რუსეთის ირიბ „გამაღიზიანებლად“ და ყალყზე შემდგარი რაკეტების ბარიკადებად ჩინეთის დიდი კედლის წინ.

დიახ, აშშ დროს მოიგებს, მაგრამ არაბთა ხალიფატისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წაკიდების მცდელობა შესაძლოა, კრახით დამთავრდეს და ისლამურმა „მონსტრმა“ დასაწყისისათვის თავისივე შემქმნელები შესანსლოს და ჯიჰადი არა ჩინეთს, არამედ დასავლური იმპერიალიზმის სახით, გლობალიზმს გამოუცხადოს.

რაც შეეხება საფრანგეთს: მან პირველმა აღიარა მეამბოხეები ლიბიაში და გაეროს წესდებისა და რეგლამენტის (მეორე მსოფლიო ომის დასასრულ სტადიაზე – 1945 წლის 26 ივნისს მიღებული) დარღვევით, საბრძოლო მოქმედებათა ინიციატორი გახდა, რადგან სარკოზის კარზე მოადგა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც იგი, სავარაუდოდ, წააგებს. სწორედ აქ წაადგება ნიკოლა სარკოზის მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება, რომელსაც 2008 წლის აგვისტომდე მდგომარეობა გაცილებით უარესი ჰქონდა, ვიდრე დღეს საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს. და აი, 2008 წლის აგვისტოს „მშვიდობის მტრედმა“ სარკომ 2011 წლის მარტში საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად ასევე მიმართა მილიტარი-პიარტექნოლოგიებს, მით უფრო, რომ წაგების შემთხვევაშიც, სააკაშვილის მსგავსად, პრეზიდენტადაც რომ არ დარჩეს, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, თავისი ტერიტორიის 20 პროცენტს მაინც არ დაკარგავს...

რაც შეეხება ინგლისსა და კოალიციის სხვა წევრ-ქვეყნებს – ვიღაცას საწვავი უთავდება, ვიღაც მორიგ „აღმოსავლურ კამპანიას“ ისე უყურებს, როგორც საწვრთნელ პროგრამას თავისი არმიისათვის, რომელსაც „ევროპულ სიმყუდროვეში დენთის სუნი დაავიწყდა“, ვიღაცას კი არ სურს, „მეგობრების“ წინაშე „უმწეოდ“ გამოიყურებოდეს. საერთოდ კი, ევროპელებს ჯერ კიდევ კოლონიზატორების დროიდან იზიდავდა „ექსტრემალური ტურიზმი“ და საფარი აღმოსავლეთსა და აფრიკაში, რომელშიც ევროპას ერთი-ორი ათეული მილიონი დოლარის დახარჯვა როდი დანანებია – დასავლეთს, სსრ კავშირისგან განსხვავებით, მუდამ ნებადართული ჰქონდა სხვის ტერიტორიაზე ომი...

– საპრეზიდენტო არჩევნები კარს მხოლოდ სარკოზის კი არა, ბარაკ ობამასაც მოსდგომია...

– აი თქვენ თავად მოიყვანეთ კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ჩემს ვერსიას ადასტურებს: დიახ, ობამამაც უნდა „აათამაშოს კუნთები“ რესპუბლიკელების წინაშე, თორემ ამ უკანასკნელთ იგი „დოყლაპია“ ჰგონიათ! და საქმე აქ პიროვნებებში კი არა, სისტემაშია: ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მეტამორფოზებს, იმას, თუ როგორ გარდაიქმნება „მტრედიდან“ „შევარდნად“ სარკოზი; იმას, თუ აფროამერიკელი და ნობელის პრემიის ლაურეატ ბარაკ ჰუსეინის ძის ბრძანებით როგორ ატყდება თავს ასობით „ტომაჰავკი“ ლიბიის მიწას, და აშშ-ის პრეზიდენტი თავად მამა ღმერთიც რომ გახდეს, მასაც აიძულებენ, ამგვარადვე იმოქმედოს (მომიტევეთ მკრეხელობისათვის, თუმცა ვფიქრობ, მკითხველები ალეგორიას მიმიხვდებიან)!

– თუმცაღა, ამ ორი კვირის წინათ ლიბიაში მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიო შეიცვალა, რომ ძველი მენტალიტეტი წარსულს უნდა ჩაბარდეს და ადგილი დემოკრატიას დაუთმოს! ორიოდე წლის წინათ კი ახალარჩეულმა ობამამ რუსეთთან „გადატვირთვა“ დაიწყო და მისივე თაოსნობით ნატოს პოტენციურ მოწინააღმდეგედ რუსეთი აღარ მიიჩნეოდა, და სწორედ მან მოაწერა ხელი რფ-თან ხელშეკრულებას СНВ-3-ის შესახებ.

– უფრო ადრე კი, 2005 წელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს წამოსცდა: ის, რასაც აშშ 60 წლის განმავლობაში ეყრდნობოდა, გადახედვას და ახალი სისტემის შექმნას ექვემდებარება. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკელებმა გადაჯგუფება დაიწყეს უფრო ადრე და რაისსაც ეს ტყუილუბრალოდ როდი წამოსცდენია: აშშ-ის მიერ პროვოცირებულმა მსოფლიო კრიზისმა ყველაზე მტკივნეულ ბუმერანგად სწორედ ამერიკას დაარტყა, მსოფლიო ჟანდარმის როლმა და სამხედრო ხარჯებმა კი შედეგად 14 ტრილიონი დოლარი საგარეო ვალი მოიტანა, ამიტომ თქვენ მიერ ნახსენები СНВ და „გადატვირთვა“ იძულებითი ზომაა ზედმეტი ტვირთის მოსაშორებლად და უფსკრულის პირას შესაჩერებლად.

– მოდი მაინც დავაზუსტოთ: აშშ-მა საბოლოოდ უარი განაცხადა ძველ პრიორიტეტებზე თუ არა? თუ ამერიკა თავისი მიდგომების რეფორმირებას ახდენს, მაშინ, თუ თქვენს ჰიპოთეზას ვირწმუნებთ, რატომ წამოიწყო ისეთი სარისკო ტრანსკონტინენტალური პროექტი, როგორიც არაბთა ხალიფატია?! ის ხომ აშშ-ის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკურ ექსპანსიას ვერ შეაჩერებს?

– ჯერ ერთი, ვინც არ რისკავს, ის, უკეთეს შემთხვევაში, „ბორჯომს“ სვამს, აშშ-თვის კი გვიანია „ბორჯომის“ სმა, ის შამპანურსაა მიჩვეული! ამიტომ აშშ მის ხელთ არსებული ყველა რესურსით შეეცდება პროცესის გაკონტროლებას – ფინანსებით, ტექნოლოგიებით, შეიარაღებით, თუმცა არავითარი გარანტია არაა, რომ მუსლიმანური „ფრონტი“ ჩამოყალიბების შემდგომ „საჭირო“, ანუ ჩინეთის მიმართულებით წარიმართება, ისევე, როგორც ჩერჩილს არ ჰქონდა გარანტია, რომ ჰიტლერი დიდ ბრიტანეთს კი არა, სსრკ-ს შეუტევდა.

მეორეც, გავიმეორებ: დიახ, სისტემას შეეცვალა პრიორიტეტები, მაგრამ თავად სისტემა დარჩა! გეტყვით იმას, რაც წინათ არ მითქვამს: კომპეტენტური, კარგად ინფორმირებული წყაროებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უმკაცრეს საიდუმლო რეჟიმში უკვე განიხილება ისრაელის სახელმწიფოს ევაკუაციის სამი ვარიანტი:

1) ყირიმში, უკრაინაში;

2) რფ-ის ებრაულ ავტონომიურ ოლქში (ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ბირობიჯანი);

3) რფ-ის ალტაის მხარე (ციმბირის ავტონომიური ოლქი, ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ბარნაული).

– რას ბრძანებთ???

– გავიმეორებ: თუ აშშ ჩერჩილის საბედისწერო შეცდომას გაიმეორებს და დღითიდღე მზარდი კონკურენტის განადგურებას სხვისი ხელით შეეცდება, ანუ ხელს შეუწყობს მუსლიმანური სახელმწიფოების კონგლომერატის შექმნას იმ მიზნით, რომ ჩინეთის მზარდი ძლიერებისგან თავი დაიცვას, მაშინ, უწინარეს ყოვლისა, ამით ისრაელი დაზარალდება: გაერთიანებული მუსლიმანური სახელმწიფოები მას ზღვაში ჩარეცხავენ! ისრაელი ახლაც არ არის „არხეინად“ თავის გარემოცვაში: „წინააღმდეგობის ისლამური მოძრაობა“ ჰამასი, რომელიც ღაზას სექტორში 2007 წლიდან მმართველობს და „ძმები-მუსლიმანების“ რადიკალური აქტივისტების მიერაა დაფუძნებული, გამუდმებული სარაკეტო დარტყმები პალესტინის ტერიტორიიდან, რომელთა გამოთვლაც და წინასწარ გაუვნებელყოფაც, გასაგები მიზეზებით, შეუძლებელია, მუდმივი ტერაქტები – თუნდაც ამასწინანდელი აფეთქებები იერუსალიმში...

– პირდაპირ გეტყვით, აპოკალიფსური სურათია! ასე მესამე მსოფლიო ომამდეც მივალთ... გამოსავალსა და ხსნას რაში ხედავთ, ბატონო არნო? ეს ბოლო კითხვაა.

– ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში ახლახან ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის – დევიდ ბრუკსის ახალი წიგნის – „საზოგადოებრივი ცხოველი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც იმდენად არა პოლიტიკურ, რამდენადაც ფსიქოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნა. ამერიკის პოლიტიკური წარუმატებლობის მიზეზს ბრუკსი ირაციონალური, ქვეცნობიერი ფაქტორების არასათანადოდ შეფასებაში ხედავს. ავტორის თვალსაზრისით, რაციონალიზმმა საკუთარი თავი ამოწურა და ემოციები გონებაზე მნიშვნელოვანია. „მე ვაშუქებდი მოვლენებს საბჭოთა კავშირში და მაოცებდა, რომ იქ ეკონომისტების ჯგუფებს ვაგზავნიდით კონვერტირებადი ვალუტის შექმნისა და პრივატიზაციის გეგმით, არადა, ქვეყანაში მაშინ საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობა უფრო იყო, ამას კი ყურადღებას არ ვაქცევდით. ერაყშიც ვაგზავნიდით ჯარებს, მაგრამ ჩვენი ლიდერები ქვეყნის ფსიქოლოგიურ და კულტურულ რეალიებს მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ“ , – წერს ბრუკსი და სავსებით მართალია. პრაგმატული დასავლეთი ვერასოდეს დაამარცხებს ემოციურ აღმოსავლეთს, სანამ იქ არ მიხვდებიან, რომ სიყვარული დემოკრატიაზე მნიშვნელოვანია! ხოლო ამას რომ მიხვდებიან, არავის დამარცხება აღარ მოუნდებათ...

 

ესაუბრა ლევან სულაშვილი