პუბლიკაციები
ამერიკული რაკეტები არის დიდი და ზუსტი, მაგრამ ჩვენ არ გვსურს მათი გამოყენება - დონალდ ტრამპი

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიდრე ის პრეზიდენტია, ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტრამპის განცხადებით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმალური ზიანი მიადგა აშშ-ის ბაზებს და ამერიკის მოქალაქეები არ დაზარალებულან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები შენარჩუნდება.

ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ამერიკელები არ დაშავებულან დაბომბვის შედეგად და სამხედრო ბაზებზე მინიმალური ზარალია. ირანელები მშვიდდებიან და ეს კარგი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის. როდესაც ირანი ახდენდა რეგიონის დესტაბილიზაციას, ეს დრო დასრულდა.

ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ხოცვაზე. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი იყო პასუხისმგებელი აშშ-ის საელჩოზე თავდასხმასა და ბაზაზე თავდასხმაში. ის გეგმავდა ახალ თავდასხმას, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ. უნდა შეგვეჩერებინა დიდი ხნის წინ და ბევრი ადამიანი გადარჩებოდა. სანქციები დარჩება, ვიდრე ირანი არ შეიცვლის კურსს. ირანი საფრთხეს უქმნის ნავთობტანკერებს, თავს დაესხა მათ და ასევე ჩამოაგდო აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავები. ირანი ქმნის ჯოჯოხეთს იემენში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში.

ბირთვულმა შეთანხმებამ ირანს ბირთვული ამბიციები გაუღვივა. დრო გავიდა და შეთანხმების მონაწილეებმა უნდა აღიარონ ეს. ირანი შეიძლება იყოს დიდებული ქვეყანა. ცივილიზებული სამყარო უგზავნის სიგნალს, არსებული კურსი ვერ გაგრძელდება. ნატო უფრო აქტირად უნდა ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის საქმეებში. ჩვენ ვართ ნავთობისა და გაზის პირველი მწარმოებლები მსოფლიოში და ახლო აღმოსავლეთის ნავთობი არ გვჭირდება. ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერი. ჩვენ არ გვსურს ამის გამოყენება. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ათობით ათასი „აისისელი“ მოვკალით. „აისისი“ არის ირანის ბუნებრივი მტერი. „აისისის“ განადგურება კარგია ირანისთვის და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად ამ სხვა საერთო პრიორიტეტებზე. მივმართავ ირანელ ხალხს და ირანის ლიდერებს, ჩვენ გვსურს გქონდეთ დიდებული მომავალი, რასაც იმსახურებთ, კეთილდღეობა სახლში და ჰარმონია მსოფლიოს ქვეყნებთან. აშშ მზად არის, დაიცვას მშვიდობა ყველა ქვეყანასთან ერთად, ვინც მას ეძებს“, – განაცხადა ტრამპმა.