პოლიტიკა
სააკაშვილი: „ზოგიერთი პოლიტიკოსი უცხო ქვეყნის ჯარების შემოსვლაზე ამყარებს იმედს“

mikhael_saakashპრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც უცხო ქვეყნის ჯარების თბილისში შემოსვლაზე ამყარებენ იმედს, მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველოს ჰყავს უსაფრთხოების ეფექტური სამსახურები და ამას არც ქართველი ხალხი მიიღებს.

ეს განცხადება სააკაშვილმა 25 მარტს საკუთარ რეზიდენციაში იმ სამართალდამცველების დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს შსს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის – დიმიტრი კორძაძის შარშან მომხდარი მკვლელობის გახსნაში. შს სამინისტრომ 22 მარტს განაცხადა, რომ მკვლელობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების დაკვეთით განხორციელდა.

„ჩვენ ძალიან დიდ ბრძოლაში ვიმყოფებით, – მიმართა პრეზიდენტმა პოლიციის წარმომადგენლებს, – რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც არიან ცალკეული ადამიანები, მათ შორის, შეიძლება პოლიტიკოსობაზე ჰქონდეთ პრეტენზია, რომელთაც იმდენად აქვთ ხელი ჩაქნეული, რომ როდესმე მოიპოვებენ საკუთარი ხალხის მხარდაჭერას, რომ ერთი სული აქვთ, და თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ერთმანეთში მუდმივად საუბრობენ ამაზე – ახლა ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, უცხო ქვეყნის ჯარის შემოსვლაა თბილისში და ისინი თუ შეგვიქმნიან ჩვენ თანამდებობებს და უკეთეს ცხოვრებას“.

„მაგრამ ამ ხალხს არაფერი გამოუვა, ისევე, როგორც არაფერი გამოუვათ იმ ადამიანებს, ვისაც თვალი უჭირავს ღალატზე და ვისთვისაც სამშობლო არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ქართველი ხალხი ამას არასდროს მიიღებს, საქართველოს ჰყავს ეფექტური მთავრობა და ამ შემთხვევაში ეს არის მთავარი, რომ ჩვენ გვყავს ეფექტური უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სტრუქტურები, რომელთაც ისწავლეს მაღალ დონეზე დანაშაულის გახსნა, ქვეყანა გადააქციეს უსაფრთხო ადგილად მისი მაცხოვრებლებისთვის და ისწავლეს საკადრისი პასუხის გაცემა ყველანაირი უცხო აგრესიული ელემენტისადმი და მათი ადგილობრივი დამქაშებისათვის“, – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, ყველამ უნდა მიაგოს პატივი „ჩვენი პოლიციისა და ჩვენი შეიარაღებული ძალების“ წარმომადგენლებს, რადგან პერიოდულად მათ უხდებათ „ყველაზე მაღალი ფასის გაღება საკუთარი სამშობლოსთვის – საკუთარი სიცოცხლის“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიციის მაღალჩინოსანი დიმიტრი კორძაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.