საზოგადოება
აშშ-ისა და ირანის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო განზე მდგომი ვერ იქნება და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება - ექსპერტი

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. თუ დიდი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ირანიდან ლტოლვილთა დიდი მასების დაძვრაა მოსალოდნელი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ვეღარ ვიქნებით ვერანაირად განზე მდგომი, შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დავდგეთ, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა ირანისა და აშშ-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა წერტილში შეიძლება გამწვავდეს.

ასე რომ, ამ პროცესების ასე განვითარება(სამხედრო კონფლიქტში გადაზრდა), რეალურია, თუმცა, მთავარია განზომილება როგორი იქნება, მსხვერპლის რაოდენობაზე და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, როგორი პასუხი შეიძლება გასცეს აშშ-მ. ასევე, ისრაელის, საუდის არაბეთის პოზიცია იქნება ძალიან მნიშნელოვანი, ბევრი ფაქტორია, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდება სიტუაციის შეფასება და შემდეგ შესაბამისი პასუხის გაცემა.

მაგალითად, აშშ-ის საელჩოზე შტურმი რომ მსხვერპლით დასრულებულიყო, სრულიად სხვაგვარად განვითარდებოდა პროცესები, რადგან აშშ-ის ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული იქნებოდა, უფრო მკაცრი ზომები მიეღო და სამხედრო ძალაც კი გამოეყენებინა“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

რონდელის ფონდის მკვლევარის თქმით, სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, საქართველო არა მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ზურა ბატიაშვილის თქმით, საქართველოში ლტოლვილთა ნაკადთან ერთად შეიძლება რადიკალური ჯგუფებიც აღმოჩნდნენ.

რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, რომ ჩვენს რეგიონში ასეთი დიდი დაძაბულობაა, რომელიც შეიძლება დიდ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდოს. ამ შემთხვევაში ქვეყანაში მოსალოდნელია სხვადასხვა სახის საფრთხეები.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ სამხედრო მონაწილე და ეს კარგია. ერთი მხრივ, აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც ირანია და ჩვენს ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფრონტაციის დაწყება. აქ სხვა პრობლემაა, თუ დიდი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ამაში ჰუმანიტარული განზომილება გვაქვს. თუ ეს კონფლიქტი დაიწყო, ლტოლვილთა დიდი მასების დაძვრაა მოსალოდნელი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვეღარ ვიქნებით ვერანაირად განზე მდგომი, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით და შეიძლება დიდი პრობლემების წინაშე დავდგეთ. თუ დიდი მასები დაიძრა საქართველოს მიმართულებით, შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დავდგეთ. ამ დიდ მასებს შეიძლება მოჰყვეს ის, რომ მათ შორის იყვნენ რადიკალური ჯგუფები, რომელთა გარჩევა ძალიან ძნელია. პატარა ჯგუფებს, ჩატაევის რაზმთან დაკავშირებით, რამხელა სირთულე შეიძლება მოჰყვეს, ვიცით.

ლტოლვილთა მიღებაზე ოფიციალურად შეიძლება უარიც განაცხადო, მაგრამ რეალობა ის არის, საქართველოს არ აქვს და არც ძალიან განვითარებულ ქვეყნებს იმის საშუალება, რომ 100%-ით უზრუნველყონ საზღვრის სრული დაცვა. გვინდა - არ გვინდა, ეს პროცესები ლტოლვილთა დაძვრის შემთხვევაში, საქართველოზე აისახება“,- აცხადებს ბატიაშვილი.

ექსპერტი აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების მიზეზებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ამ კონფრონტაციას რამდენიმე განზომილება აქვს. მისივე თქმით, რეგიონში დაძაბულობის ბევრი პოტენციური კერა არსებობს, რომელიც ნებისმიერი დროს შეიძლება გამწვავდეს.

ირანმა შეძლო და თავისი გავლენის სფეროში მოაქცია როგორც ერაყის დიდი ნაწილი, ისე სირია, ლიბანი და სხვა ქვეყნები, პირველად გავიდა როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ისე მთავარ მოწინააღმდეგე ისრაელზე. შესაბამისად, ამერიკის მთავარი მიზანია ირანის შეკავება და აქედან გამომდინარე იყო, რომ პროირანული ძალების 6 ბაზა დაბომბა, რასაც შედეგად მოჰყვა ის დაძაბულობა, რაც საელჩოს გარშემო განვითარდა. ეს დროებით კი ჩააცხრეს, მაგრამ რა თქმა უნდა, დაძაბულობა არსად წასულა. სხვა პოტენციური კერები ბევრია და იქაც შესაძლოა ეს აინთოს.

აშშ-ს მოკვაშირეები, ვინც რეგიონში არიან, დრო და დრო არიან ხოლმე ჩართულნი ამ დაძაბულობაში ირანის წინააღმდეგ. მაგალითად, ყველას გვახსოვს, როგორი ძლიერი თავდასხმა მოხდა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საიდანაც აშშ-ის მომარაგება ხდება. ასევე ვხედავთ სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ ირანული ძალების დაბომბვის შემთხვევებს, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირდა. ასე, რომ დაძაბულობა არის და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ იქნება მსგავსი ან უფრო მეტად მილიტარისტული დაპირისპირება 2 ქვეყანას შორის. დაძაბულობის პოტენციალი ძალიან დიდია რეგიონში, ეს წერტილები შეიძლება იყოს როგორც ერაყში, ასევე სირიაში, ლიბანში, სპარსეთის ყურეში, უშუალოდ საუდის არაბეთსა და ირანს შორის, ასევე ისრაელსა და ირანს შორის.

ეს დაძაბულობა მოიმატებს, ირანი ეკონომიკურ ბლოკადაშია და მას უკან დასახევი ბევრი არაფერი აქვს“,- აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.