„საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეუთანხმებლობამ შესაძლოა გზა გაუკვალოს „ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას“, რათა განახორციელოს შიდა ძალადობის რისკის შემცველი რევოლუციის გაცხადებული მიზანი, რის სათავისოდ გამოყენებასაც შემდეგ რუსეთი შეეცდება“, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე.
თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „როუზ-როსის სემინარზე“ თავის ინგლისურენოვან გამოსვლაში თარგამაძემ განაცხადა, რომ ყველაზე უარესი სცენარის განვითარება სავსებით „რეალისტურია“.გულისხმობდა რა, სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართულ პარტიას“, თარგამაძემ აღნიშნა, რომ „ორი ყველაზე რადიკალური პოლიტიკური პარტია“ საქართველოში „ინტენსიურად საუბრობს გარდაუვალ რევოლუციურ ცვლილებებზე“. მისი თქმით, ამგვარი განვითარება 2007 წლის ნოემბრის ანალოგიურ ძალადობას გამოიწვევს, რასაც „საქართველოს მთავრობის სრული დელეგიტიმაცია მოჰყვება“.
„და სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ პროცესში რუსეთის სამხედრო ჩართვის საფრთხეს“, – განაცხადა თარგამაძემ და იქვე დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკანონო ხელისუფლების ჩამოშორებაში ქართველი ხალხის დახმარების საბაბით სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს.
„არ მინდა სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება, მაგრამ ამგვარი სცენარის განვითარება საკმაოდ რეალისტურია... ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს მიმდინარე პროცესის მიმართ, რომლის მიზანიცაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და რომელშიც რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა ჩართული“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, „სავსებით სავარაუდოა“, რომ 2012 წლის სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიქმნება ახალი მთავრობა, სადაც იქნება „სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ნაზავი“ და „ამჟამინდელი მმართველი პარტიაც შესაძლოა, გახდეს ამ კოალიციის ნაწილი“.
„ჩვენ პირადი ფობიები არავის მიმართ გაგვაჩნია და მზად ვართ, ყველასთან ვითანამშრომლოთ ნებისმიერი ტიპის ან კონფიგურაციის კოალიციის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, თუ ეს იქნება ჩვენი ერის ნება, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამოვლინდება“, – განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა.