საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში შეხვდა და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს ახალი წელი პირადად მიულოცა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა ახალ წელს წინა წლებშიც ქვეყნის „ენერგეტიკულ გულში“, სადისპეტჩერო ცენტრში ხვდებოდა.
„ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ, 2020 წელს. მინდა, ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. როდესაც ჩვენ ყველა ახალ წელს ვზეიმობთ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში მომუშავე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში ყველგან იყოს შუქი და ბედნიერი ახალი წელი გვქონდეს“, — განაცხადა მინისტრმა.
მინისტრი სადისპეტჩერო ცენტრში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას გაეცნო, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.