„საქართველო ნატოს წევრი გახდება მაშინ, როდესაც შეძლებს ალიანსის წევრი ქვეყნების დარწმუნებას, რომ ის ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას იმაზე მეტს შესძენს, ვიდრე თავად მოიხმარს“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.
თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „როუზ-როსის სემინარზე“ სიტყვით გამოსვლისას ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დღის წესრიგში აღარ დგას შეკითხვა – გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. მისი თქმით, ახლა აქტუალური ორი კითხვაა: როდის და, რაც უფრო მთავარია, როგორ გახდება საქართველო ალიანსის წევრი.ბასის თქმით, ეს ორი შეკითხვა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და კითხვა – „როგორ“ სულაც არ უკავშირდება ტექნიკურ პროცესს, ანუ გახდება საქართველო წევრი ქვეყანა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) თუ სხვა რომელიმე მექანიზმის საშუალებით.
„როგორ გახდება საქართველო ნატოს წევრი? ჩვენ [ნატოს წევრი სახელმწიფოები] დავარწმუნებთ ალიანსს, რომ მისი წმინდა შენატანი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში დიდია, და ის შეუერთდება მას“, – განაცხადა ბასმა.
მან იქვე განმარტა, რომ „წმინდა შენატანში“ გულისხმობდა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მეტობას ნატოს წევრ სახელმწიფოთა საქართველოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე.
ბასის თქმით, საქართველოს „წმინდა შენატანი“ ორი კუთხით უნდა შეფასდეს: ერთია საქართველოს წვლილი ნატოს ოპერაციებში, მაგალითად, ავღანეთი და, მეორე – საქართველოს წვლილი თავად ნატოს საზღვრებში, რაშიც, ძირითადად, შიდა რეფორმები იგულისხმება.
„პირველ საკითხთან დაკავშირებით უდავოა, რომ საქართველოს წვლილი გამორჩეულია ავღანეთში“,– განაცხადა ბასმა. რაც შეეხება მეორეს, მისი თქმით, ამ კუთხით „საკმაოდ კარგი პროგრესია“, რადგან საქართველომ „აგრესიული, ყოვლისმომცველი რეფორმების ნუსხა წარმოადგინა“ ნატოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (Annual National Programme - ANP) ფარგლებში.
ANP, რომელიც პირველად 2008 წლის ბოლოს იქნა შემოღებული საქართველოსთან მიმართებით, მოიცავს იმ მიზნებსა და რეფორმებს, რომელთა გატარების პირობასაც საქართველო დებს და რომელთა შესრულებასაც ნატო ყოველწლიურად აფასებს. ბოლო ასეთი დოკუმენტი, რომელიც კონფიდენციალურია, საქართველოს მთავრობამ თებერვალში წარუდგინა ალიანსს.
ამერიკის ელჩის განცხადებით, ამბიციური რეფორმების დასახვა თავისთავად „კარგია“, რადგან ნატოს წევრი სახელმწიფოების დასარწმუნებლად, რომ ის წევრობისთვის მზად არის, საქართველოსთვის „საკმაოდ მაღალი თამასაა“ დაწესებული.
„ისტორიული და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ზოგიერთ [ნატოს წევრი ქვეყნების] მთავრობას შეკითხვები აქვთ, რა ვალდებულების აღება მოუწევთ მათ საქართველოს ნატოში მიღების შემდეგ“, – განაცხადა ბასმა.
„ვფიქრობ, საუკეთესო გზა საქართველოსთვის მისი მზადყოფნის დასადასტურებლად, გახდეს სათანადო სრულუფლებიანი წევრი... გადის აგრესიული დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე, ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაზე, რათა მან განიმტკიცოს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო ქვეყნის როლი“, – დასძინა ამერიკელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, რეფორმათა ნუსხაში არის რამდენიმე საკითხი, რომელთაც ნატოს წევრი ქვეყნები განსაკუთრებით დააკვირდებიან, როცა საქართველოს ალიანსში გაწევრების მზადყოფნის შეფასებას დაიწყებენ. ბასის განცხადებით, ამ საკითხთა შორის უმთავრესია ის, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილება – მოხდეს თუ არა ძალის გამოყენება.
„ეს საკითხები უკავშირდება შეკითხვას – როგორ და როდის ირჩევს წევრი სახელმწიფო, გამოიყენოს ძალა; პროცესს, თუ როგორ ახდენს ის საფრთხეების შეფასებას; პროცესს, რომლის მეშვეობითაც ხდება სამხედრო ძალების სამოქალაქო კონტროლი; რამდენად ხდება გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ მთავრობის შიგნით ამომწურავი ანალიზის საგანი და პარლამენტში კონსულტაციების საგანი; რამდენად ხდება შესაძლო ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი განხილვის საგანი, ისე, რომ ასეთი გადაწყვეტილება რაიმე მოულოდნელობა კი არ იყოს, არამედ იყოს ამ განხილვების შედეგად ჩამოყალიბებული ბოლო საშუალება, როგორც ეს ჩვენთან [ნატოს წევრ სახელმწიფოებში] ხდება და როგორც ეს მოხდა სულ ბოლოს ლიბიასთან მიმართებაში“, – განაცხადა ბასმა.
თავის გამოსვლაში ამერიკელმა დიპლომატმა, ასევე, განაცხადა, რომ აშშ-ის საქართველოსადმი დახმარება დემოკრატიზაციის პროგრამების კუთხით მიმართულია საქართველოს მიერ ANP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ. მისი თქმით, ეს უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კონკურენტულ მედიაგარემოს და საარჩევნო გარემოს შექმნას, სადაც პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ პირობებში მოუწევთ ერთმანეთთან პაექრობა.
მისი თქმით, როცა დასავლეთი საქართველოსგან ელის გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, „საქართველოსაც აქვს საფუძველი, ელოდოს საპასუხო ნაბიჯებს ჩვენგანაც“.
„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს, რდგან ისინი ადგანან გამოწვევებით აღსავსე რეფორმების გზას ურთულეს სამეზობლოში“,– განაცხადა ბასმა.
მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა შექმნის გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეს მთავრობისთვის, ოპოზიციისა და მთლიანად საზოგადოებისთვის, რათა მათ პროგრესისკენ უფრო თვითდაჯერებულად იარონ.