რელიგია
ილია მეორე ვლადიმერ პუტინს მიმართავს - უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა (ვიდეო)

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთსა და ცხინვალისა - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საახალწლო ვიდეო მიმართვაში (ვიდეო იხ. აქ).

ყველას მოგესალმებით. გილოცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისთვის.

პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“, - ვკითხულობთ ბიბლიაში.

უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა.

მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს: უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერებას გისურვებთ! კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, - აცხადებს პატრიარქი საახალწლო ვიდეომიმართვაში.