პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროკავშირში გაწევრიანებას არ აპირებს, ჩვენ იქ არ გველოდებიან და კანდიდატთა სიაშიც კი არ ვართ (ვიდეო)

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. აზერბაიჯანი ევროკავშირში გაწევრიანებას არ აპირებს, ჩვენ იქ არ გველოდებიან და კანდიდატთა სიაშიც კი არ ვართ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსულ ტელეკომპანია „რასია 24“-თან ინტერვიუში განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანს, ყოფილი სსრკ-ის ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებიც გაერთიანებულნი არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტში, არ აქვს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ასოცირების შეთანხმება თავიდან ბოლომდე წაიკითხა და აზერბაიჯანისთვის რაიმე პრაქტიკული სარგებელი ვერ დაინახა.

ალიევმა ასოცირების შეთანხმების ტექსტი ინსტრუქციას შეადარა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ ევროკავშირის კომისიას, შემუშავებულიყო ორმხრივი შეთანხმება, სადაც მოგება იქნებოდა ჩვენთვის, რათა შემძლებოდა აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის იმის თქმა, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ჩვენ არ შეგვიძლია, ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას, რომ ვინმეს მოეწონოს ან უბრალოდ ვთქვათ, რომ დიახ, ეს გვაქვს. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ნებისმიერ შეთანხმებას, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, უნდა ჰქონდეს კონკრეტული შედეგი“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანისა და ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე საუბრისას ალიევმა თქვა, რომ დოკუმენტის პუნქტების 90 პროცენტი უკვე შეთანხმებულია, თუმცა შეუთანხმებელი პუნქტები აზერბაიჯანისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ბრიუსელის პოზიციის ცვლილების შემთხვევაში, მოლაპარაკებები გაგრძელდება.