სამართალი
ბათუმში ადვოკატთა შეხვედრა გაიმართება

logo-42შაბათს, 26 მარტს, 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, სასტუმრო „თანამგზავრში“ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადვოკატებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემა „სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი“ იქნება.

ღონისძიება პროექტის – „საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა“ – ფარგლებში გაიმართება, რომელიც ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ მიერაა დაფინანსებული და მასში ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერაითსი“ მონაწილეობს.

შეხვედრის მიზანს „სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის“ პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმების შესახებ ადვოკატებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

საქართველოს კანონში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ 2009 წელს შესული ცვლილების შედეგად კანონს დაემატა 141-ე მუხლი, რომელიც აყალიბებს „სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს“ საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში. ამ ცვლილების შესაბამისად, ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია, თავისი წერილობითი მოსაზრებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ არის ვალდებული, გაითვალისწინოს „სასამართლოს მეგობრის“ მიერ მომზადებული მოსაზრება; თუმცა, თუ იგი მიიჩნევს, რომ მოსაზრება გასათვალისწინებელია, ეს უნდა აისახოს მიღებულ გადაწყვეტილებაში. სასამართლოს, საჭიროების შემთხევაში, უფლება აქვს, მოიწვიოს „სასამართლოს მეგობარი“ სხდომაზე დამატებითი შეკითხვების დასმის მიზნით.

„სასამართლო მეგობრის ინსტიტუტი“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. წერილობითი დასკვნის წარდგენის შესაძლებლობას მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ, ასევე, იცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სადაც არაერთ საქმეზე გამოიყენეს ეს მექანიზმი.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადვოკატებს მომავალშიც გაუწევს დახმარებას „სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის“ შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებასა და მის პრაქტიკულ გამოყენებაში.

მოხარული ვიქნებით, თუ მობრძანდებით!

ნინო ელბაქიძე

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
გამგეობის წევრი