რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სევდიანი დღესასწაული – საქინფორმის მთავარი რედაქტორმა თბილისის მერს კახი კალაძეს წერილი მისწერა

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. სალუტისგან, რომლითაც გაიხსნა საახალწლო ქალაქი თბილისის ცენტრში, მოედანზე, რომელსაც სამუდამოდ მიეწება სახელწოდება ”ანდროპოვის ყურები”, გატოკდა თბილისელთა სახლები და გულები - შეეჩვივნენ რა ბოლო ხანებში მხოლოდ ცუდი ამბების მოსმენას, იფიქრეს, რომ ომი დაიწყო… ამბობენ, რომ გრუხუნმა კრემლამდეც კი ჩააღწია, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში კახი კალაძის მიწვევა ბრძანა - ამგვარივე სალუტის მოსაწყობად 9 მაისს, წითელ მოედანზე, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად.

   ქართველებს უყვართ ჰაერში სროლა, ამბობენ, რომ რაიხსტაგის აღების დროსაც კი ნაკლები სროლა იყო, ვიდრე ჩვენ ახალი წლის ღამეს ვისვრით! თუმცა სალუტები, ფოიერვერკი, პეტარდები და სხვა ჩინური პიროტექნიკა საქართველოში შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მანამდე მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატებსა და მაკაროვის პისტოლეტებს იყენებდნენ, რომლის გასროლის ხმასაც ახლა ვერ განასხვავებ იარაღის საერთო კაკანში...

   ან იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდადაა? იქნებ ქართველებმა და რუსებმა კვლავ ერთად აღმართეს საერთო მტრზე გამარჯვების დროშა და სალუტებიც ამის აღსასნიშნავად ისმის?! ან იქნებ ჩვენ ჰაერში იმისთვის ვისვრით, რომ საქართველოს თავზე ღრუბლები გავფანტოთ? გვინდა, ნაცარტუტად ვაქციოთ წყევლა, რომელმაც წაგვაჩხუბა ძმებთან, რომელთა მხარდამხარ ფაშისტებს ვანადგურებდით?!

ენერგეტიკის მინისტრობისას, კახი კალაძე არ შეუშინდა სააკაშისტების წყევლას და მოსკოვში მანამ იფრინა, სანამ “გაზპრომთან“ დაკავშირებული ყველა საკითხი არ გადაჭრა. ასე მოითხოვდა სახელმწიფო ინტერესები. დღეს კი სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რომ 9 მაისს საქართველოს დედაქალაქის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა საქართველო წარმოადგინოს მოსკოვში და, როგორც საქართველოდან ფრონტზე წასულ 700 ათასი გმირის შვილიშვილი, პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას! ქართველების და აფხაზების, აზერბაიჯანელებისა და სომხების, ოსებისა და რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების - ყველას, მიუხედავად ეროვნებისა! (დღეს რომ ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდეთ ჩვენი მოქალაქეების ეროვნებას, მაშინ, ალბათ, არ დაგვჭირდებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების საგანგებო დაცვა ...)

   მაგრამ შევეცდებით, არ დავღონდეთ, რადგან ხვალ ახალი წელია, რომელსაც ისე გაატარებთ, როგორც შეხვდებით! უბრალოდ გაითვალისწინოთ, რომ ზევით ნასროლი ტყვიები, ლოცვებისგან განსხვავებით, ღმერთამდე არ აღწევს, მაგრამ უკან, თავზე გვაცვივა... და რომ სალუტის ზალპებს არა მხოლოდ შუშების ჩამსხვრევა და ხალხის დაშავება შეუძლია, არამედ სახლების დანგრევაც, როგორც ეს მოხდა მინსკში სადღესასწაულო ფოიერვერკის დროს. და ვინ იცის დედაქალაქის მერზე უკეთ, თუ როგორ იშლება ძველი თბილისის სახლები სალუტების გარეშეც და შემდეგ მათ ადგილას კორპუსებს აშენებენ?! დადგება დღე, როდესაც ეს სახლები საერთოდ გაქრება - ისევე, როგორც იმ ომის ვეტერანები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ასეული დარჩა ...

      ბატონო კახი!

   მადლობას გიხდით საახალწლო სანახაობებისთვის, რომლებიც, ჩვენ, უფროსებს თუ არა, ჩვენს შვილებს მაინც გაამხიარულებს! ვფიქრობ, რომ დროა ვიფიქროთ საარსებო პურზეც, რომელთან დაკავშირებითაც მინდა მოგმართოთ ინიციატივით:

განკარგულება გაეცით, რომ მაღაზიებმა არ გადაყარონ წინადღის პური და ის უფასოდ დაურიგონ გაჭირვებულებს. და არა მხოლოდ პური, არამედ ყველა სხვა პროდუქტი, რომლებიც საშიში არ არის ჯანმრთელობისთვის ვარგისიანობის ვადის ამოწურვისას. ამისათვის შეიძლება შექმნა ცალკე სექციები მაღაზიებში, ანდა გახსნა სპეციალური პუნქტები, სადაც, გარდა პურის, რესტორნები და სასადილოები მიაწვდიან სხვადასხვა კერძებს, რომლებსაც დღეს ყრიან დღის ბოლოს.

საქინფორმის ჟურნალისტები მზად არიან უსასყიდლოდ იმუშაონ მოხალისეებად და დაგეხმარონ ამ ღვთიურ საქმეში! ყოველდღე მეც ჩემი ავტომანქანით დავუვლიდი მაღაზიებსა და რესტორნებს პურისა და საჭმლის წამოსაღებად და გაჭირვებულებისთვის გახსნილ სპეციალურ პუნქტებში მივიტანდი.

       ბატონო კახი!

ექიმები ირწმუნებიან, რომ ახლად გამომცხვარი პური საზიანოა და საკვებად გუშინდელი, ოდნავ გამხმარი უნდა გამოვიყენოთ. არ ვიცი, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ მოსკოვში მოხალისეები ღარიბებს წინადღის პურს ურიგებენ - შეგიძლიათ თქვენს მოსკოველ კოლეგასთან, სერგეი სობიანინთან გადაამოწმოთ, როდესაც მოსკოვში იქნებით. თქვენს ადგილზე მოხალისეებით არ შემოვიფარგლებოდი (რომელთა ნაკლებობა არ იქნებოდა - შესანიშნავი ახალგაზრდობა გვყავს!) - საჭიროა თბილისის მერიასთან სპეციალური სამსახურის შექმნა, რომელიც ახალი წლის შემდეგ ამ საქმეს რეგულარულ ხასიათს მისცემდა.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 30 დეკემბერი
საქართველო, თბილისი