საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში მოსახლეობისა და ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაბერილი.
გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ამომრჩეველთა რეალური რაოდენობის დასადგენად პარტიამ გამოიყენა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის: 1989 და 2002 წლების მოსახლეობის საყოველთაო აღწერის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მონაცემები.მწვანეთა პარტიის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში არა 4,4 მილიონი, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, არამედ 3,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) მოსახლეობის რაოდენობა ნაკლებადაა გაბერილი (სულ 7%-ით, თბილისში – მხოლოდ 3%-ით), რაც შეეხება სოფლებსა და პატარა ქალაქებს, იქ მოსახლეობის რაოდენობა 64 %-ითაა გაზრდილი (2,8 მილიონის ნაცვლად რეალურად 1,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს).
გაჩეჩილაძის მტკიცებით, ზემოხსნებულიდან გამომდინარე, საქართველოში ამომრჩევლების რაოდენობაც 50 პროცენტითაა „გაბერილი“ და 3,6 მილიონის ნაცვლად, 2,4 მილიონს შეადგენს, საიდანაც 881 ათასი (73 პროცენტი) სოფლებსა და პატარა ქალაქებზე მოდის.
„სწორედ იქ, სადაც არჩევნებისას არანაირი კონტროლი არ არსებობს, ამ გზით „მოპოვებული“ კოლოსალური ხმებით იგებს „ნაციონალური მოძრაობა“ – ბოლო არჩევნებში თავისი ხმების 70 პროცენტი სწორედ „პროვინციიდან“ აიღო. რაც შეეხება თბილისს, აქ ამომრჩეველთა რაოდენობა 995 თასის ნაცვლად 790 ათასია, შესაბამისად, 26 პროცენტითაა გაბერილი, რაც „პროვინციასთან შედარებით, გაცილებით მცირეა. ალბათ, ამითაა გამოწვეული, რომ ხელისუფლება შეიძლება დათანხმდეს თბილისში ბიომეტრიული არჩევნების ჩატარებაზე. ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარებას არავითარი აზრი არ აქვს“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
საქართველოს მწვანეთა პარტია მოითხოვს, შეიქმნას საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებული დამოუკიდებელი, ქართველი და უცხოელი დემოგრაფებითა და სოციოლოგებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც არჩევნებამდე გამოაქვეყნებს საქართველოს მოსახლეობისა და ამომრჩეველთა დაზუსტებულ რაოდენობას. ამასთან, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილებები და არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გახდეს სავალდებულო.