უცხოეთი
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ამის შესახებ გამოცემა The Des Moines Register-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენი ამბობს, რომ არ მისცემს ტრამპის წინააღმდეგ ჩვენებებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სენატი მას შესაბამის უწყებას გაუგზავნის. მისივე თქმით, ასეთი უწყების გაგზავნა სენატორების მხრიდან „ფარისევლობა“ იქნებოდა.

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის პროცესში მისი მონაწილეობა ტრამპმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს. ბაიდენის მტკიცებით, სენატში მისი გამოსვლა საზოგადოების ყურადღებას ტრამპისგან და მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებებიდან სხვა საკითხზე გადაიტანს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.

დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა. 4 დეკემბერს კი წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.

ტრამპი ენდრიუ ჯონსონისა და ბილ კლინტონის შემდეგ აშშ-ის მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა. პირველ 2 შემთხვევაში, ჯონსონი და კლინტონი პოსტებზე დარჩნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

imedinews.ge