პოლიტიკა
საქართველო 2020 წელს გაზის 92.7 პროცენტს აზერბაიჯანიდან მიიღებს, ხოლო 6.6 პროცენტს რუსეთიდან

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020 წლის გაზის ბალანსი დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში გაზის მოწოდების საპროგნოზო მოცულობა 2.57 მილიარდი კუბური მეტრია.

2.39 მილიარდ კუბურ მეტრს, ანუ მთლიანი მოცულობის 92.7 პროცენტს საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს, მათ შორის „სოკარისგან“ 1.51 მილიარდ კუბურ მეტრს, შაჰ-დენიზის საბადოდან კი 873.8 მილიონ კუბურ მეტრს.

169.9 მილიონი კუბური მეტრი აირის მიღებაა გათვალისწინებული რუსეთიდან (6.6 პროცენტი), ადგილობრივი მოპოვების საპროგნოზო მოცულობა კი 17.9 მილიონი კუბური მეტრია (0.7 პროცენტი).

რაც შეეხება მოხმარებას, 2020 წელს ე.წ. სოციალური გაზის საპროგნოზო მოცულობა 1.6 მილიარდი კუბური მეტრია, მათ შორის მოსახლეობის მოხმარება მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, თბოელექტროსადგურების კი 600 მილიონ კუბურ მეტრს.

კომერციული სექტორის საპროგნოზო მოხმარება 911 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, გაზის დანაკარგი კი სავარაუდოდ 35 მილიონი კუბური მეტრი იქნება.

2019 წლის საპროგნოზო ბალანსთან შედარებით, საქართველოში 2020 წელს გაზის მოწოდებისა და მოხმარების კლებაა გათვალისწინებული. თუმცა, 2019 წლის ბალანსი ბოლოს მაისში ჩასწორდა. შესაბამისად, შესაძლოა, წლის ფაქტობრივი მაჩვენებელი საპროგნოზოსგან განსხვავებული იყოს.