საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხზე მოლაპარაკებების იდეა „ნორმანდიულ ფორმატში“ თავისებურად გამოიყურება, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები, პირველ რიგში, ამ ორ ქვეყანას ეხება, ხოლო რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში სრულიად განსაკუთრებული ვითარებაა,- „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვმა განაცხადა.
ნოვიკოვი ამ კომენტარით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთთან არსებული მოლაპარაკებათა სახეობებს გააჩნია ტექნიკური ხასიათი და შედეგი არ მოაქვს. ამიტომ, მისი აზრით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, მოსკოვთან დიალოგი წარმართოს „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში.
„ეს პოზიცია თავისებურად მეჩვენება, რადგან ეს პრობლემები ორ ქვეყანას ეხება და ამ ორმა ქვეყანამ თავად უნდა გადაჭრას. თავად „ნორმანდიული ფორმატი“ მიემართება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს - ეს განსაკუთრებული სიტუაციაა, როდესაც, პირველყოვლისა, მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, და მეორე - ამ რესპუბლიკათა ტერიტორიებზე ჩატარდა რეფერენდუმები დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, რასაც უკრაინის მხარე არ თანხმდება, რუსული მხარე კი ვერ დაეთანხმება სიტუაციის ისეთი გადაწყვეტის მეთოდებს, როდესაც შესაძლოა, მოეწყოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გენოციდი“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
„ეს ორი პრინციპულად სხვადასხვა ისტორიაა, ორი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა და მგონია, რომ „ნორმანდიულ ფორმატზე“ საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად გამოგონილია“, - განაცხადა ნოვიკოვმა.