უცხოეთი
Foreign Policy - აშშ ცდილობს განავითაროს ურთიერთობები ბელარუსთან, „რომელიც მთლიანად მოსკოვის ორბიტაზეა“

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. Foreign Policy-ს ინფორმაციით, იანვარში ბელარუსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. როგორც გამოცემა წერს, აშშ ცდილობს განავითაროს ურთიერთობები ევროპის ქვეყანასთან, „რომელიც მთლიანად მოსკოვის ორბიტაზეა“.

სტატიის ავტორის ინფორმაციით, ბელარუსმა, რომელსაც ევროპის უკანასკნელ დიქტატურად მოიხსენიებენ, 2008 წელს ქვეყნიდან ამერიკის ელჩი გააძევა, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა ქვეყანას სანქციები დაუწესა.

როგორც გამოცემა წერს, გასულ ოქტომბერს, ვეს მიტჩელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მინსკს ეწვია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია ქვეყანაში. მედია აღნიშნულს ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებში გარღვევას უწოდებს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთი გააკრიტიკა. მისი თქმით, მოსკოვი მინსკზე ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით ზეწოლას ახორციელებს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ნატო და დასავლეთი არ დაუშვებს, რომ რუსეთმა ბელარუსის სუვერენიტეტი დაარღვიოს.

interpressnews.ge