რელიგია
მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი.

ამონარიდი ა.წ. 22 დეკემბერს თბილისის დიდ სინაგოგაში მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან:

,,ახლა კი ამ საპატიო ადგილიდან, სადაც გამჩენს ვესაუბრებით ხოლმე, მინდა შევეხმიანო საქართველოს უძლიერეს გმირს, დიდებულ ადამიანს, მსოფლიოში ცნობილ პერსონას, მე მოგახსენებთ საქართველოს გამაერთიანებელ უხუცეს მამაზე, ღვთის კაცზე, ამ ასაკის მატარებელს თორა აჯილდოვებს გმირის ტიტულით, ივრითულად მას „გიბორი“ ქვია, „გიბორი“, ანუ მხცოვანი გმირი. და როგორი გიბორი პატრიარქი მამა ყავს საქართველოს?! ძლიერი! ფალავანი! გამაერთიანებელი – იგი აერთიანებს ყველა ქართველს, სადაც არ უნდა იყოს ის. არის თავმდაბალი და მოსიყვარულე, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, უბოროტო, ქართველი ებრაელების და ყველა ებრაელის უდიდესი მეგობარი და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.

ახლოვდება პატრიარქის ტახტზე აბრძანების დღე – 25 დეკემბერი, ასევე ამ დიდებული ადამიანის დაბადების დღე – 4 იანვარი და მინდა განსაკუთრებული პატივისცემით დავლოცო იგი, ვუსურვო დღეგრძელობა, ასოთხმოცი წელი ჯანმრთელად, ძლიერად ყოფნა, მშვიდობა სხეულში, ირგვლივ და გამჩენთან. ჩვენს უწმინდეს პატრიარქს აქედან შევეხმიანები: როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს, არაფერი ყოფილა ისეთი ამ ცისქვეშეთში, რაც არ მომხდარა და არ გამეორდება კიდევ. მე 4 წლის წავედი საქართველოდან და ჩემი გული ისევ აქ მოიწევს, ბავშვი წავედი და რაბინი დავბრუნდი, ახლა მე ვასწავლი იმას, რაც აქ მასწავლეს და მე ძალიან კარგად ვხედავ ყველაფერს, რაც ხდება ჩემს საყვარელ საქართველოში. და გეუბნებით, ბოროტი იმას ებრძვის განსაკუთრებულად, რაც ყველაზე წმინდაა. აი, მოსეს საკუთარი ოჯახის წევრები აუმხედრა ბოროტმა და ცილი დასწამეს იმაში, რა თვისებაც ყველაზე მეტად გამოარჩია გამჩენმა. უახლოესი ადამიანები მოსეს დააბრალებენ იმას, რაც რომ ყველაზე შორს იყო მისგან. თორა მოწმობს, რომ ყველა ადამიანზე უფრო თავმდაბალი ბრძანდებოდა ის, ამას უფალი მოწმობს, მისიანებმა კი რა ცილის დასწამეს? რატომ ხარო შენ ამპარტავანი და დიდგული და რატომ ამაყობო შენს ხალხზე.

ჰოდა, ისმინეთ ქართველნო: გამგები გაიგებს, გაუფრთხილდით ერის სულიერ მამას, გახსოვდეთ, რომ ის ჩვენი დროის ნამდვილი გიბორია!”