საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ კარგად ვხედავთ, რამდენად არაფრისმომცემია ტექნიკური ფორმატები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალ ხედვა“ ჟენევის ფორმატზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას.
გადაცემის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობებზე ჰკითხა.
„მინდა, გავიხსენო თქვენი განცხადება, როდესაც საუბრობდით, რომ საჭიროა პოლიტიკურ რეგისტრში გადავიდეს ურთიერთობა რუსეთთან, რადგან ტექნიკურ დონეზე, ჟენევის მოლაპარაკებებს გულისხმობდით ამ დროს, ტექნიკურ დონეზე ეს პრობლემები აღარ გვარდება, რომელიც ჩვენ წინაშეა, ამ რეალობაში, კარგად რომ ავხსნათ, რას გულისხმობს ურთიერთობების პოლიტიკური რეგისტრი“, – მიმართა პრეზიდენტს გადაცემის წამყვანმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო ტექნიკურ ფორმატებშია „გაჩხერილი“. ეს პროცესი გრძელდება, თუმცა არაფერი იცვლება.
მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი თავიდან პოლიტიკური იყო.
„ახლა ძალიან კარგად ვხედავთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ, თუ რამდენად არაფრისმომცემია ეს ტექნიკური ფორმატები, შედეგიანი არ არის, რადგან ნათელია, რომ ბიუროკრატები ამ შემთხვევაში ვერ იღებენ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც ველოდებით. ჩვენ ვართ სადღაც გაჩხერილი ამ ტექნიკურ ფორმატებში, რომელსაც ვაგრძელებთ, მაგრამ არაფერი იცვლება. მოვითხოვე პირველივე დღიდან, ვიმუშაოთ იმისკენ, რომ პოლიტიკური მასშტაბი მივცეთ, დავუბრუნოთ, რადგან რეალურად, ჟენევა დასაწყისში იყო პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ ჩამოვიდა ამ ტექნიკურ დონეზე. მეორე არის, პარტნიორებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიყოთ ნახსენები ყველა ეტაპზე, როცა საუბარია რუსეთთან მათი მხრიდან სხვადასხვა კონფლიქტზე. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტს, როცა ვიცოდი და მითხრა, რომ აპირებდა ნორმანდიის შეხვედრებს, არაერთხელ გავახსენე, რომ საჭირო იყო, საქართველოს საკითხი და ჩვენი კონფლიქტი, ოკუპირებული ტერიტორიები იყოს ნახსენები. სხვათა შორის პირველად, ჩვენ ორმხრივ ფორმატში, „ამილახვარის დიალოგის“ ფორმატში საფრანგეთმა ძალიან აღიქვა ეს საკითხი და ხაზი გაუსვა სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებს იმ ტერმინებით, რომელიც არ იყო ადრე მისი ჩვევა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ყველაფერი იცვლება და ყველა ყველასთან საუბრობს. საქართველო რეალურად არ სარგებლობს ყველა დიპლომატიური რესურსით, უკრაინა კი, მზად არის, ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს.
„ასევე ვუყურებთ, როგორ იცვლება მსოფლიო. ყველა ყველასთან საუბრობს, ყველა ყველასთან დიალოგშია და ჩვენ ვართ ერთგვარ იზოლაციაში, უარი ვთქვით და გასაგებია, რომ არ ვაპირებთ, ძალის გამოყენებით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, მაგრამ ამავე დროს, არ ვთქვით უარი, თუმცა რეალურად არ ვსარგებლობთ ჩვენი ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტით. ამ დროს ვხედავთ, რომ ქვეყანა, როგორიც მაგალითად უკრაინაა, მზად არის, გამოიყენოს ყველა საშუალება, რაც არსებობს“, – აცხადებს პრეზიდენტი.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ ან ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, ან იყოს ისე, როგორც არის.
„ჩვენ ან უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, ან უნდა ვიყოთ, როგორც ვართ დღეს და მაშინ ისმის კითხვა – ნუთუ არაფერი შეუძლია ხელისუფლებას, რომ გადაწყვიტოს ეს საკითხი. მე ჩემი გამოცდილებიდან, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მხოლოდ ორი რამ ვიცი – ან ომი, ან დიპლომატია, რომ საკითხი გადაწყვიტო. მესამე გზა არავის გამოუგონია. ჩვენ მესამე გზით მივდივართ იმ მხრივ, რომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური შესაძლებლობები ჩვენ სასარგებლოდ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაგალითად, საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა ნორმანდიულის ტიპის ფორმატი.
„მაგალითად, მე ვიტყოდი, რომ თუ საშუალება იქნება, იყოს ნორმანდიის ტიპის ფორმატი, სადაც საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად იქნება, რადგან მარტო მოლაპარაკებების ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია, ვინაიდან შედეგიანი რომ იყოს მოლაპარაკება, არ უნდა იყო იმ არათანასწორ მდგომარეობაში, რომელიც იქნება მაშინ ჩვენი მდგომარეობა. გვჭირდება ეს მხარდაჭერა. რატომ არის, რომ უკრაინა შედის ამ ფორმატში და არა პირდაპირ ურთიერთობაში. შეიძლება, მერე დრო მოვიდეს, როცა პირდაპირი ურთიერთობებიც საჭირო იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ და ეს საშუალება თუ გვექნება, კარგი იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ, მგონი, უნდა ვეძებოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ სიტუაცია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტი განმარტავს, დიალოგი და მოლაპარაკებები დათმობას არ ნიშნავს.
„მინდა, კიდევ ერთ რამეს უთუოდ ხაზი გავუსვა, რაც ამ ქვეყანაში ზოგჯერ კარგად არ ისმის, რომ არც დიალოგი და არც მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას. ხშირად ვფიქრობთ, რომ ეს ნიშნავს, მაინცდამაინც რაღაც კომპრომისზე წასვლას.
მაგრამ ხაზია დასადგენი და არ არის ადვილი, ანუ წითელი ხაზებიც უნდა არსებობდეს და საკმაოდ რთულია. ბევრად ადვილია, ვიყოთ ასე გაშეშებული, როგორც ვართ და რეალურად ვერ ვწყვეტთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, თავისთავად საჭიროა ჟენევის, აბაშიძე-კარასინის და სხვა ფორმატები, რადგან სხვა არ არსებობს.