საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამოდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან, რომელთანაც უკვე ხელშეკრულებაა ხელმოწერილი, რომ ისეთი მექანიზმები ამუშავდეს, როგორიც არის ლეგალური დასაქმება, როგორც ალტერნატივა არალეგალური დასაქმებისა. ეს სააგენტო იქნება განმახორციელებელი (დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო) იმ შეთანხმებული მექანიზმებისა, რომელსაც შეათანხმებს სამინისტრო და მთავრობა შესაბამის ქვეყნებთან. ანუ, მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს და მექანიზმი შეთანხმებული იქნება, სწორედ ამ სააგენტოს ფარგლებში მოხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმდებიან, ისევე როგორც ინფორმირება ადამიანებისა იმ მექანიზმებისა და იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესახებ. გარდა საფრანგეთისა, მოლაპარაკება, ასევე, მიმდინარეობს ბულგარეთთან, არის აგრეთვე გერმანია და კიდევ მრავალი სხვა ქვეყანა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეთანხმებას მივაღწევთ და ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება დასაქმების სააგენტო, როგორც ამ სერვისების უზრუნველმყოფი“,- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებისთვის განმარტა, რას გულისხმობს ლეგალური დასაქმება.
„ლეგალური დასაქმება გულისხმობს, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული და ეს იქნება ინდივიდუალური პროფესიების მიხედვით, მოქალაქეს აქვს ვალდებულება, დაბრუნდეს ქვეყანაში და იქ მიღებული გამოცდილება მიიღებს მხარდაჭერას, რომ სამსახურით უზრუნველყოფილი იყოს“ ,- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.