სამართალი
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ნიკოლოზ კვაჭაძე

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ცოტნე გამსახურდია კვლავ მედიკამენტოზური ნარკოზის ქვეშ იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ექიმების განცხადებით, კლინიკური სურათი დინამიკაში არ შეცვლილა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, განუცხადა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს, საღამოს დაჭრეს. მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. არ არის გამორიცხული, რომ მას კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს.

მედიკოსების თქმით, ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. მკერდის მარჯვენა ნაწილში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებია, მარცხენა ფილტვის ზედა ნაწილში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, თავისა და თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობაა. მისი ოპერაცია თითქმის შვიდი საათი გაგრძელდა.

ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, კლინიკური სურათი დინამიკაში არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეს რაიმე ტიპის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება ან ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს. პაციენტი კვლავინდებურად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. იმავე რეჟიმით გაგრძელდება მკურნალობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში", – განაცხადა კვაჭაძემ.

სამართალდამცველებმა გამსახურდიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით. მათგან ოთხს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. მეხუთე პირი, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სოლოღაშვილმა პროცესზე აღიარა ბრალი და განაცხადა, რომ გამსახურდიას დანით ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მან უმიზეზოდ დაარტყა. ამას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება სუფრასთან.