უცხოეთი
რამზან კადიროვი - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთს არავითარი კავშირი არ აქვს

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთს არავითარი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა.

კადიროვის თქმით, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მტკიცებულებაც უნდა წარადგინოს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ხანგოშვილი ბევრ ტერაქტში მონაწილეობდა და მისი მკვლელობის შემდეგ ერთი ტერორისტით ნაკლებია.

„ის თავად მოკლეს, როდესაც საჭირო აღარ იყო. ახლა კუდს აქნევენ – რუსეთი, ჩეჩნეთი… ეს ჩვენ არ გვეხება, ის საქართველოს მოქალაქეა… ჩვენ რომ ვყოფილიყავით ჩართული, საქმით დავამტკიცებდით და არა სიტყვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს კადიროვმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში განხორციელებულ აფეთქებაში მონაწილეობდა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მიმდინარე წლის ზაფხულში ბერლინში მოკლეს. გერმანელი პროკურორები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის უკან რუსეთის ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოები დგანან.

1tv.ge