საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში 2020 წლისთვის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ერდოღანის საქართველოში ვიზიტი გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი.
ამასთან, როგორც ელჩი ამბობს, 2020 წლის თებერვალში ანკარაში სტრატეგიული კომისიის სხდომა გაიმართება.
„ანკარაში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკონომიკური კომისია, რომელიც 14-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამას მოჰყვა პრემიერის განმეორებითი ვიზიტი ტანაპის გახსნასთან დაკავშირებით ქალაქ ედირნეში.
ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული და შემდგომ, სავარაუდოდ, მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იცით, თურქეთი არის არამარტო ჩვენი კეთილი მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორიცაა, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.