უცხოეთი
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილე ხომალდებმა აშშ-ის სანქციების გამო ბალტიის ზღვა დატოვეს

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ყველა ხომალდმა, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილეობდა, აშშ-ის სანქციების გამო ბალტიის ზღვა დატოვა.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, შვეიცარიულმა კომპანია „ოლსისმა“, რომელიც „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენებს ზღვის ფსკერზე ათავსებდა, ბალტიის ზღვაში სამშენებლო ზონიდან ყველა ხომალდი გაიყვანა. კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, თუ რა დრო დასჭირდება პროექტის განხორციელებას. მილსადენების მოთავსებაში „ოლსისის“ სამი ხომალდი მონაწილეობდა, მათ შორის „ფიონეერინგ სფირითი“, რომელიც საზღვაო პლატფორმების შესაქმნელად და ტრანსპორტირებისთვის მსოფლიოში უდიდესი ხომალდია.

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მრავალწლიანმა კონტრაქტორმა „ოლსისმა“ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე მუშაობას ამერიკული სანქციების საფრთხის გამო აჩერებს. აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვითი ბიუჯეტის კანონს, რომელიც „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილე კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

1tv.ge